როგორ უნდა ისარგებლოს მოსახლეობამ უფასო პარკინგით

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 მარტიდან ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდა, რისთვისაც 65 საპარკინგე ადგილით ხუთი ლოკაციაა გამოყოფილი. პარკირების საშვის შეძენა სწრაფი გადახდის აპარატებში, ასევე, თბილისის პარკინგის ვებგვერდზე და ყველა ტიპის სმარტფონიდან, მობილური აპლიკაციების საშუალებით არის შესაძლებელი. პარკირების საფასურის გადახდა ელექტრომობილების მფლობელებზე არ ვრცელდება და მათთვის აღნიშნული სერვისი უფასოა.

მოსახლეობის ინფორმირებისთვის ზონალური პარკინგის არეალში განთავსებულია საინფორმაციო ჯიხური, სადაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ზონალური პარკინგის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიიღონ, ხოლო უძრავი ქონების მესაკუთრეებს შეუძლიათ, სისტემაში საკუთარი ავტომობილები დაარეგისტრირონ, რითაც აღნიშნული სერვისით უფასოდ ისარგებლებენ.

“კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უფასო პარკირებით ისარგებლოს, ვებგვერდზე ან სპეციალურ საინფორმაციო ჯიხურში უნდა დარეგისტრირდნენ. ასევე, უფასო პარკირებით სარგებლობა შეუძლიათ შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს. სხვა დანარჩენისთვის კი 15 წუთის შემდეგ (დღეში ოთხჯერ სხვადასხვა ლოკაციაზე), მიმდებარე არეალით სარგებლობა ფასიანი იქნება – ერთი საათი – ერთი ლარი.

ზონალურ-საათობრივი პარკირება კოტე აფხაზისა და აბანოს ქუჩების ნაწილზე, ასევე, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ უკვე მოქმედებს. ზონალური პარკირებისთვის ბარათაშვილის ქუჩის ჩათვლით, სულ 478 ადგილით 56 ლოკაციაა გამოყოფილი. ზონალურ-საათობრივი პარკირების შემდგომი ეტაპი უკვე საბურთალოს რაიონში, ამოქმედდება. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია გვექნება.” – აცხადებს კახა კალაძე.

Facebook Comments
%d bloggers like this: