საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი” ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძეზე დაყრდნობით იუწყება.

ცერცვაძის თქმით, ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც 28 თებერვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ვირუსი განმეორებითი ტესტის შედეგად დღეს დაუდასტურდა.

კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვი, სავარაუდოდ, 12 წლისაა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, კორონავირუსის ინფექცია დღეს დაუდასტურდა ბავშვის ოჯახის 4 წევრსაც. ხუთივე მათგანი იმ 8 ადამიანს შორისაა, რომელთა ტესტმაც ვირუსზე დადებითი პასუხი დღეს აჩვენა.

ბავშვის დაინფიცირება, სავარაუდოდ, იტალიაში კონტაქტს და საქართველოში კორონავირუსის ნომერ მეორე შემთხვევასთან ნაცნობობას უკავშირდება.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ხუთი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მათ პირველ ჯერზე ჩატარებული კვლევის შედეგად, კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდათ განმეორებითმა ტესტმა კი ვირუსის არსებობა დაადასტურა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 23 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

Facebook Comments
%d bloggers like this: