თბილისის მერია კორონავირუსის გამო რამდენიმე სერვისის მიწოდებას ზღუდავს

თბილისის მერია მოქალაქეებისთვის იმ სერვისების მიწოდებას ზღუდავს, რომელიც ხალხმრავლობასთან არის დაკავშირებული.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

“პირველ ეტაპზე, მერიაში დაგეგმილია იმ ტიპის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომელი მომსახურების მიღებაც დაკავშირებულია ხალხმრავლობასა და ისეთ გარემოსთან, სადაც შედარებით მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი. 

აღნიშნულის გათვალისწინებით, 13 მარტიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან შეიზღუდება შემდეგი სერვისების მიწოდება: მიწის ლეგალიზაციის თაობაზე განაცხადების მიღება და უფასო იურიდიული დახმარების გაწევა. ასევე, მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომ თანამშრომლებს მისცეთ შესაძლებლობა, დისტანციურად მუშაობის, თუ არ არის აუცილებელი სამსახურში გამოცხადება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელფასებზე არ აისახება”,- აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მერიაში გაუქმდა ისეთი ღონისძიებეი, რომლებზე მოქალაქეების დასწრება იყო აუცილებელი.

“სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება ისეთი ტიპის კომისიების და საბჭოს სხდომები რომელზე დასწრებაც ჩვენს მოქალაქეებს უწევთ. ასეთებია: თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა (ზეპირი მოსმენის სხდომები); პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე კომისიის სხდომები; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები; დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები;

შეიზღუდება ასევე, არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის მიმართულება. ამ კუთხით, მომსახურების გაწევა მოხდება მხოლოდ ელექტრონული სისტემის მეშვეობით. აღნიშნული შეზღუდვები გავრცელდება მერიის ცენტრალურ ოფისსა და ათივე სერვისცენტრში”,- განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა მოერიდონ ხალხმრავლობას და მაქსიმალური პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: