პანდემია არის ყველაზე მაღალი რეგისტრის განგაში, რომელიც სახიფათოა მოსახლეობისთვის

პანდემია არის გლობალური ეპიდემია, ყველაზე მაღალი რეგისტრის განგაში, რომელიც სახიფათოა მოსახლეობისთვის,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ვერ აცდებოდა ინფექციის შემოტანას, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ახალი შემთხვევები მინიმუმამდე დავიდეს. 

„გუშინ მიზანშეწონილად ჩაითვალა, გამოცხადებულიყო პანდემია, რათა მეტად მიექცეს ყურადღება ამ საშიშროებას. საქართველო ვერ აცდება ინფექციის შემოტანას და ვერც ავცდით. დღეისთვის გვაქვს 25 დადასტურებული შემთხვევა. პაციენტი წევს ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს უძლიერესი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყანა-იტალია. ახლა მთელ იტალიაში ტარდება მკაცრი შემაკავებელი ღონისძიებები. სიტუაცია ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში უარესდება ჩინეთს გარეთ. ამიტომ მოქალაქეებს ისევ მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ მგზავრობისგან. თუ წახვალთ, ჩამოსვლისას, ნუ დამალავთ სიმპტომებს, სურდოს და ცხელებას. სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება, მაგრამ ჯერჯერობით 125 ქვეყნიდან გარდა ჩინეთისა, შემთხვევების კლება არ არის.  ახალი შემთხვევები გვექნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერი უნდა გავკეთოთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის ტესტირების დეცენტრალიზაცია დაიწყო.

„ჩვენ დავიწყეთ დეცენტრალიზაცია, გუშინ პირველი ნიმუშები გაიტესტა ბათუმში, დღეს გაიტესტება ქითაისში და თანდათან გეოგრაფიულად გაფართოვდება და გამარტივდება. რაც ლუგარში კეთდება, მოსახლეობისთვის არის უფასო“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: