ირაკლი როსტომაშვილი: კარანტინის გასაკონტროლებლად გამოიყენონ მანდატურები, ამაზე პოლიციის მოცდენა არ შეიძლება

საკარანტინო რეჟიმის გასაკონტროლებლად გამოიყენონ მანდატურები, რომლებიც სასწავლო პროცესის დროებით შეჩერების გამო, გამოთავისუფლდებიან, ამაზე პოლიციის მოცდენა არ შეიძლება,- ასე ეხმაურება მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საკარანტინო რეჟიმის გასაკონტროლებლად საკმარისი რესურსი არ არის .

ირაკლი როსტომაშვილის თქმით, ბოლო მოვლენებმა ცხადყო, თუ რამდენად აუცილებელია სავალდებულო სამხედრო სამსახური.

„ჩვენ პრაქტიკულად არ გვყავს საგანგებო მდგომარეობისთვის მომზადებული მოსახლეობა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ელემენტარულ დავალებას შეასრულებს. სავალდებულო სამხედრო სამსახური არ არის მხოლოდ საომარი მოქმედებებისთვის.

ყველა სტიქიური უბედურების დროს (ტყის ხანძარი, ეპიდემია, წყალდიდობა, მეწყერი) მთავარია საზოგადოების ორგანიზებული ქმედება, ეს კი წარმოუდგენელია სავალდებულო სამხედრო სამსახურის გარეშე“,-ამბობს როსტომაშვილი.

მისივე თქმით, სავალდებულო სამსახური და სამხედრო ვალდებულება ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს.

„ყველა მოქალაქე საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩადგეს ქვეყნის დამცველთა რიგებში, ოღონდ რეგულარული თავდაცვის ძალები ერთვებიან საბრძოლო მოქმედებებში, რეზერვი კი, ასრულებს სხვადასხვა დავალებებს. ოღონდ ამაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა! სხვანაირად ვერც ომს მოვიგებთ და ვერც კორონავირუსს დავამარცხებთ! ან ყველა ერთად გავიმარჯვებთ ან ერთად დავმარცხდებით!“,-ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: