პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი საქართველოში პირველს დაუდგინდა, კვლავ დაავადების მატარებელია

“მეთექვსმეტე დღეზე ჩატარებული ტესტირებით სუსტად დადებითია პასუხი, რაც ნიშნავს, რომ მართალია ვირუსის კონცენტრაცია შემცირდა, თუმცა ორგანიზმში მაინც რჩება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ეზუგბაია აცხადებს, პაციენტი კლინიკაში სრულად გამოჯანმრთელებამდე დარჩება.

რაც შეეხება კორონავირუსით ინიფიცირებულ სხვა პაციენტებს, როგორც ექიმი ამბობს, მათგან შვიდს აქვს პნევმონია და ერთის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა.

“22 პაციენტიდან შვიდ მათგანთან დადასტურებულია პნევმონია. აქედან ერთის მდგომარეობა შედერებით მძიმეა, მაგრამ დაავადება არ პროგრესირებს. პაციენტის დაავადების პროგრესირება მიუხედავად მკურნალობისა შეიძლება პროგრესირდეს. ინფიცირების დღიდან 13 დღემდე შესაძლებელია მოხდეს პროგრესირება. თუ გადავლახეთ 13 დღე და პაციენტის მდგომარეობა იქნება სტაბილურ, ეს იმის მანიშნებელია რომ დაიწყება გამოჯანმრთელებისკენ ტენდენცია. რაც შეეხება პირველ ინფიცირებულს, მეთექვსმეტე დღეზე ჩატარებული ტესტირებით სუსტად დადებითია პასუხი, რაც ნიშნავს, რომ მართალია ვირუსის კონცენტრაცია შემცირდა, თუმცა მაინც რჩება. საჭიროა მისი მეთვალყურეობა გაგრძელდეს”,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, Covid 19 ჩინეთში, პირველად, 2019 წლის დეკემბერში უხანის პროვინციაში დაფიქსირდა. ამ ეტაპზე, ინფექციასთან დაკავშირებით ჩინეთში სიტუაცია გაუმჯობესდა. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბით არსებულ ვითარებას, ამ დროისთვის, კორონავირუსი 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, შესაბამისად, ინფექცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით 25 პირია ინფიცირებული, მათ შორის არის არასრულწლოვანი.

Facebook Comments
%d bloggers like this: