ფართოვდება იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებისთვის მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება შეიზღუდება

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფართოვდება იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებისთვის მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გამართულ სხდომაზე, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.

სახელმწიფო უწყებებს მიეცათ დავალება, მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციური მუშაობისა და სერვისების ელექტრონული მიწოდების რეჟიმზე.

საბჭოს რეკომენდაციით, სერვისის მიმწოდებელ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ფართოვდება იმ კერძო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა, ამ თემაზე შედგეს ბიზნესთან კომუნიკაცია, რათა აქტიურად დაინერგოს დისტანციური სერვისები კერძო დაწესებულებებში და მაქსიმალურად შემცირდეს მოქალაქეთა პირდაპირი კონტაქტი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საპატრულო პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა, რის შემდეგაც დამრღვევი მოქალაქეები საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. მთავრობის მეთაურის დავალებით, საპატრულო პოლიცია ამ კუთხით მკაცრ კონტროლს და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.

საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ საზღვარგარეთ, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში კი, მკაცრად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი.

დღეიდან სახელმწიფო უწყებების დიდი ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. 

Facebook Comments
%d bloggers like this: