ღია კაფე-ბარები, რომლებსაც მუნიციპალიტეტისგან მიწები იჯარით აქვთ აღებული, 2020 წლის იჯარას აღარ გადაიხდიან

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მეწარმეები, რომლებსაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან მიწები იჯარით აქვთ აღებული, 2020 წლის იჯარის გადასახადისგან თავისუფლდებიან. ამის შესახებ თბილისის მერმა ბრიფინგზე განაცხადა.

თბილისის ტერიტორიაზე 200-მდე ასეთი კაფე-ბარი ფუნქციონირებს. კახა კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს ნაბიჯი მეწარმეების მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

„მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან და შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველმხრივ ვუწყობთ ხელს ბიზნესის განვითარებას, ქალაქის ეკონომიკის ზრდას.

ახალი კორონავირუსის გავრცელებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბიზნეს სექტორს, განსაკუთრებით კი ტურიზმის სფეროს.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ის მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეების და ბარების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები (მიწები), გავათავისუფლთ მთელი 2020 წლის იჯარის გადასახადისგან.

კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ მთელი წლის იჯარის თანხისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, ვისაც ღია კაფეებისა და ბარების მოწყობის მიზნით, იჯარით აქვს ფართი აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან.

დღესდღეობით თბილისის ტერიტორიაზე 200-მდე ასეთი ღია კაფე-ბარი მოქმედებს და იმედი გვაქვს ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ მეწარმეებს, რომელთაც პანდემიის გამო მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი ადგებათ.

რასაკვირველია, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ მუშაობას, რათა მივაკვლიოთ დამატებით გზებს, ქალაქის ეკონომიკის ხელშესაწყობად და კერძო სექტორისთვის ზიანის შესამსუბუქებლად,” – განაცხადა თბილისის მერმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: