საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 73 ადამიანი გადის.

ამ დრომდე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-ს შეადგენდა.

„ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები, ერთი მამაკაცი და ორი ქალი. სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმედის მომცემ სიტუაციას, როდესაც არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა, როდესაც დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ მან არ იცის თუ ვისგან დაინფიცირდა. მაგალითად, შეიძლება იყოს, რომ პიროვნება გავიდეს მაღაზიაში, ან რაღაც საქმეზე, ქუჩაში და შემდეგ აღმოჩნდეს ინფიცირებული. ეს მდგომარეობა უფრო სერიოზულია და გარკვეულ სპეციალურ ტაქტიკას მოითხოვს ღონისძიებების. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ეს არ არის. ამ სამივე ადამიანმა იცის თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი.

მე არ ვიცი ზუსტად ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ თუ კარანტინში, მაგრამ რომელიღაც ფორმა გამოყენებული ჰქონდათ. არაფერი კავშირი ამ პაციენტებს არ აქვთ იმ ჯგუფებთან რომლებზეც აქამდე იყო საუბარი“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: