16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით ჩერდება

16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით ჩერდება.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი დღეს დილით ტელეფონით ესაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის (ე.წ. პრაღის ფორმატი) ფარგლებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრს გრიგორი კარასინს.

„კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება შესაბამისად რუსეთის ფედერაციის და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს. შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: