ეკონომიკის მინისტრი ოპოზიციას პასუხობს

“კორონავირუსი ადრე თუ გვიან დასრულდება, მაგრამ პენსია და პენსიორების პრობლემები არის მუდმივი. აქედან გამომდინარე, განცხადებებს ყველა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ”, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ოპოზიციის ინიციატივას, საპენსიო ფონდში შენატანების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კორონავირუსის პრობლემა ჩაივლის, ხელისუფლებამ კი ისეთი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს, რომელიც მომავალში ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს შეუშლის.

“საქართველოს ხელისუფლებამ და ეკონომიკურმა გუნდმა ბოლო დღეებში მიიღო უპრეცედენტო ზომები, იმისთვის, რომ დავეხმაროთ ბიზნესს და ყველაზე მეტად მოწყვლად ინდუსტრიებს. დაახლოებით 1 მილიარდი ლარის საშეღავათო პაკეტი იქნა შეთავაზებული სასტუმრო და მათთან დაკავშირებული ბიზნესებისთვის. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა დარგის პრობლემატიკას და მზად ვართ, რეაგირება ოპერატიულად მოვახდინოთ.

რა თქმა უნდა, სრულიად საზოგადოება კონსოლიდირებულია ამ გამოწვევის წინაშე და ეს სწორია, ამ ფონზე მომსწრე გავხდებით ახალი ინიციატივების, რაც წამოვა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისგან, თუმცა, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, პოლიტიკოსები, რაოდენ კეთილი მიზნებიც არ უნდა ამოძრავებდეთ, პასუხს აგებენ მხოლოდ თავიანთ განცხადებებზე და ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ, შესაბამისად თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იქნას გათვლილი, ვინაიდან არ ვიცით რა დროს წაიღებს ამ პრობლემის გადალახვა, ადრე თუ გვიან რა თქმა უნდა გადავლახავთ, მაგრამ დროსთან დაკავშირებით ზუსტი სურათი არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ყველა ჩვენი ნაბიჯი რესურსულად უნდა გავთვალოთ, სწორად, როგორ და რანაირად მოვახერხებთ ამა თუ იმ ნაბიჯის გადადგმას, ჩვენ ამაზე ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. კორონავირუსის პრობლემა ადრე თუ გვიან ჩაივლის, ჩვენ ამას მოვერევით, მაგრამ დღეს ისეთი გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღოთ, რომელიც მომავალში გაგვირთულებს ნორმალური ფუნქციონირების რეჟიმისკენ დაბრუნებას – მაგალითად ჩამოშლის საპენსიო რეფორმას”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: