თეა წულუკიანი: საპატიმროებში კორონავირუსის არცერთი საეჭვო შემთხვევა არ არის

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პენიტენციური სისტემის სამი დაწესებულებიდან – ქალთა, გლდანის N8 და ქუთაისის N2 ე.წ. მიმღები ციხეებიდან მედპერსონალი შენობის გარეთ გაიყვანეს, სადაც ახალი პატიმრების შემოწმება ხდება, აქვთ თუ არა მათ კორონავირუსის სიმპტომები.

“მედპუნქტები განთავსებულია ციხეების შენობების გარეთ და ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში ახალი პატიმარი არ შედის პენიტენციურ დაწესებულებაში, იმისთვის, რომ იქ მყოფი მსჯავრდებულებისა და ბრალდებულების შესაძლო ინფიცირება ავიცილოთ თავიდან. დღემდე ამგვარი საეჭვო სიმპტომების ახალდაკავებული პირი იყო – 9. აქედან ყველა ციხის ტერიტორიიდან იქნა გარიდებული და მოთავსებული სამოქალაქო კლინიკებში. ყველაზე საეჭვო შემთხვევას კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და ეს ტესტი აღმოჩნდა უარყოფითი. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ქართულ საპატიმროებში არც ერთი საეჭვო შემთხვევა არც პატიმრებში და არც ჩვენს თანამშრომლებში დაფიქსირებული არ არის”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. დაავადება გამოუვლინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის სხვა შემთხვევები იტალიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება.

ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსით 33 ადამიანია ინფიცირებული.

Facebook Comments
%d bloggers like this: