როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ თავდაუზოგავი შრომისთვის

,,ახლა ვუყურებდი ბრიფინგს, სადაც მედიას და შესაბამისად საზოგადოებას ინფორმაციას გვაწვდიდნენ ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე და პაატა იმნაძე.

როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ თავდაუზოგავი შრომისთვის.

მათ, როგორც ექიმებს, ისედაც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ და ამგვარ კრიზისულ სიტუაციებში მათ შრომას და პასუხისმგებლობას კიდევ ემატება მედიის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება – მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია, პასუხი გასცენ აურაცხელ ლეგიტიმურ თუ არალეგიტიმურ კითხვებს.

ვინც მედიის წინაშე ანგარიშვალდებული არ ყოფილა, ალბათ გაუჭირდება კიდეც ბოლომდე იმის გააზრება, რას ნიშნავს დღეში რამდენჯერმე იდგე ბრიფინგზე და პასუხს სცემდე მედიას, თან ისე რომ არაფერი დაუმალო საზოგადოებას და თან ინფორმაცია ისე მიაწოდო, რომ პანიკა არ გამოიწვიო ქვეყანაში, ამ დამღლელი პროცესის შემდეგ დაბრუნდე კლინიკაში/ლაბორატორიაში და გააგრძელო პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძე, პაატა იმნაძე, ქალბატონი მარინა ეზუგბაია ყოველდღიურად გადიან ამ ურთულეს პერიპეტიებს. ექიმების წრეში ვარ გაზრდილი და კარგად ვიცი და კარგად მესმის, რასაც გრძნობენ და განიცდიან ისინი ასეთ ვითარებაში.

გადაივლის ეს კრიზისი, თავს დავაღწევთ ამ გამოწვევას და ცხადია, ისევ და ისევ სამომავლოდ, არაფერი უდგას წინ მთელი ამ პროცესის გაანალიზებას და თუნდაც ამ პირთა საგნობრივ კრიტიკას, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო უკეთ, რა შეცდომები იქნა დაშვებული და ა.შ.”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნიკა მელია

Facebook Comments
%d bloggers like this: