33 ინფიცირებულს შორის პარიზი-თბილისი რეისის მგზავრია, რომელიც თელავში, კარანტინში იმყოფებოდა

პარიზი-თბილისი რეისზე ჩამოსულ მგზავრს, რომელიც თელავში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს.

მისი თქმით, თელავის ერთ-ერთ სასტუმროში მოთავსებული მგზავრებიდან 47 წლის ქალს, ჩამოსვლიდან მეორე დღეს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის შემდეგ ის ჯერ რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ თბილისის ინფექციურში გადაიყვანეს. აღნიშნული პაციენტი 33 დაინფიცირებულ პირს შორისაა.

„კახეთის მასშტაბით ამ ეტაპზე ორი საკარანტინო ზონაა მოწყობილი, სადაც პარიზი-თბილისის რეისიდან ჩამოსული მგზავრები არიან მოთავსებული. მათგან ერთს დაუფიქსირდა კორონავირუსი. ახალინფიცირებულ ქალთან ერთად მყოფი ყველა მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მათ სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი მედიკოსები აკვირდებიან. ქალბატონს არ ჰქონია შეხება საზოგადოებასთან, ის იყო მოთავსებული საკარანტინო ზონაში. მეორე დღეს ტემპერატურის გამო გადაიყვანეს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, საიდანაც მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია თბილისის ინფექციურში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კახეთში კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისი ინფორმაციით, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, თვითილიზოლაციაში 110 ადამიანი იმყოფება. შვიდმა პირმა უკვე გაირა საინკუბაციო პერიოდი და მოეხსნა იზოლაციის ვალდებულება. 3 ადამიანი კი თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის, იძულებით კარანტინში გადაიყვანეს.

Facebook Comments
%d bloggers like this: