ემერიტუსი პროფესორი რევი ჩოგოვაძე: საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, რევი ჩოგოვაძეს მიაჩნია, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უკვე უნდა გამოცხადდეს.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის, თუ რას ნიშნავს COVID-19 ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ექსპონენციალური ზრდა, რომელიც მალე მოსალოდნელია.

„გასაგები ენით, დღეს ვართ არითმეტიკული პროგრესიით ზრდის საწყის ეტაპზე, რასაც სვარაუდოდ, მალე შეცვლის ინფიცირებულთა გეომეტრიული პროგრესიით ზრდა. ამის ასაცილებლად აუცილებელია ყველა საზღვრის დახურვა, ყველა საჯარო ღონისძიების გაუქმება, ქვეყანაში ოცდაათდღიანი კარანტინის შემოღება. მოსახლეობას საშუალება უნდა მიეცეს 30 დღე სახლში გაატაროს. ეს უაღრესად რთულია, თუმცა ეს არ არის პანიკა, არამედ იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ფრინველის გრიპით (შტამი H5N1) და ღორის გრიპით (შტამი A / H1N1) გასულ წლებში მსოფლიოში სულ 3000 ადამიანი დაიღუპა, კორონავირუსით კი უკვე 9000 ადამიანი !

სამედიცინო საკითხებში ჩინეთის მთავრობის მრჩეველმა , 83 წლის ეპიდემიოლოგმა ჟონ ნან შანმა, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი 2003 წელს SARS-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, განაცხადა, რომ თუკი ყველა ქვეყანა მოახერხებს მობილიზებას, შესაძლოა კრიზისი ივნისში დასრულდეს. მაგრამ თუკი ზოგიერთი ქვეყანა სერიოზულად არ მოეკიდება ინფიცირებისა და ზიანის ხარისხს და ენერგიულ ზომებს არ მიიღებს, შესაძლოა, მან უფრო დიდხანს გასტანოს“,-წერს პროფესორი.

რევი ჩოგოვაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს და ამბობს, რომ მოვლენებზე რეაგირებიდან საჭიროა წინსწრებაზე გადასვლა.

„გიორგი გახარიამ განაცხადა: ,,საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არის. ხვალ თუ ასეთი აუცლებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ’’. ბატონო პრემიერო, ხვალ ასეთი აუცილებლობა აუცილებლად დადგება, ეს ნათლად ჩანს მსოფლიოში სწრაფად ცვლადი სურათიდან, ამიტომ აუცილებლად უნდა შეცვალოთ სტრატეგია. მოვლენებზე რეაგირებიდან უნდა გადავიდეთ წინსწრებაზე. ეს ძალიან რთულია, მათ შორის ეკონომიკისათვის, მაგრამ ჩათრევას ჩაყოლა აჯობებს! ამრიგად საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს, ამასაც გარკვეული დრო ჭირდება და მრავალი ღონისძიებაც უნდა გატარდეს მოსახლეობის მინიმალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად. ამ ბრძოლაში თუ გაიმარჯვებთ, საარჩევნო კამპანიაც კი აღარ დაგჭირდებათ- „ოცნება“ გაიმარჯვებს ავტომატურ რეჟიმში !“-წერს რევი ჩოგოვაძე.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: