ეკატერინე ტიკარაძე – საჭიროების შემთხვევაში გვექნება რესურსი, კორონავირუსზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დავიწყოთ

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მოსახლეობის აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

მინისტრის თქმით, აგრესიული ტესტირების საშუალებით შესაძლებელია, ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა.

ეკატერინე ტიკარაძემ მაგალითისთვის კორეა დაასახელა.

ტიკარაძის განმარტებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახელმწიფო დონეზე, როგორც კორეასთან, ასევე ჩინეთთან.

ეკატერინე ტიკარაძე ვარაუდობს, რომ კვირის ბოლოს საქართველოში შესაბამისი რესურსი იქნება.

მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, თუ ვირუსის უკონტროლო ზრდა დაფიქსირდება, კორონავირუსზე მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყება.

„იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაკვირდებით რამდენიმე ქვეყნის მაგალითს, თუ როგორ მართავენ ისინი ეფექტურად კორონავირუსის გავრცელებას და შემდეგ მის მკურნალობას, ვიღებთ სხვადასხვა მიმართულებით გადაწყვეტილებებს. კორეა არის ის ქვეყანა, რომელმაც აგრესიული ტესტირების საშუალებით მოახდინა ძალიან ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შემდეგ ყოველივე ამის ეფექტური მენეჯმენტი. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები, როგორც კორეასთან სახელმწიფო დონეზე, ასევე ჩინეთთან სახელმწიფო დონეზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გვაქვს იმის დამაიმედებელი პასუხები, რომ კვირის ბოლოს ჩვენ შეგვეძლება კონკრეტულ რაოდენობებზე საუბარი. ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს ამ ტვირთის ჩამოტანას საქართველოში, და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც უკვე მოსახლეობის რაოდენობაში ჩვენ დავაფიქსირებთ გარკვეულ უკონტროლო ზრდას, გვექნება იმის რესურსი, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის მასიური ტესტირება კორონავირუსზე“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძის განმარტებით, მზადდება კონკრეტული გეგმა და პროცესში ოჯახის ექიმებიც ჩაერთვებიან.

„აგრესიული ტესტირება არ გულისხმობს იმას, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი კორონავირუსი მიმდინარეობს უფრო მსუბუქად. აგრესიული ტესტირება გულისხმობს ყველა იმ კლასტერის მოცვას და უფრო მეტად ზუსტ ცოდნას, თუ რომელ ჯგუფში არის გავრცელებული კორონავირუსი. მსგავსი ტესტირებები მიმდინარეობს ასევე გრიპის ვირუსზე და ეს არის ზოგადად მიღებული პრაქტიკა, როდესაც ჩვენ ვაიდენტიფიცირებთ, არის თუ არა ქვეყანაში ეპიდემია. კორონავირუსის სახლში მართვა გულისხმობს იმას, რომ თქვენ იცით 80-დან 82 პროცენტამდე ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და სწორედ ისეთი პაციენტები, რომელთაც ექნებათ მსუბუქად გამოვლენილი ფორმები, ისინი მიიღებენ სახლში ოჯახის ექიმის მომსახურებას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვამზადებთ კონკრეტულ გეგმას და კონკრეტული გეგმის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ოჯახის ექიმებიც ჩაერთვებიან პროცესში, გაწერილი დეტალური გეგმა გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი“ ,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: