თენგიზ ცერცვაძე – საქართველოში დაიწყება მეოთხეული გადაცემა და ჩვენი საპასუხო ღონისძიებების სისტემა უნდა გარდავქმნათ ამ დონის ეპიდემიის დროს ეფექტიანი საქმიანობისთვის

უკვე ჩავთვალოთ, რომ საქართველოში დაიწყება მეოთხეული გადაცემა და ჩვენი საპასუხო ღონისძიებების სისტემა უნდა გარდავქმნათ ამ დონის ეპიდემიის დროს ეფექტიანი საქმიანობისთვის, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.

„ეს ერთი დღით ადრე მოხდება თუ ერთი დღით გვიან, საქართველო ამას ვერ ასცდება. დავანებოთ უკვე თავი იმ განვლილ პერიოდს, როდესაც ვახერხებდით ინფექციის საზღვარზე შეკავებას ან პირველი და მეორე ხაზის კონტაქტებზე ინფექციის კონტროლს. უკვე ჩავთვალოთ, რომ საქართველოში დაიწყება მეოთხეული გადაცემა და ჩვენი საპასუხო ღონისძიებების სისტემა უნდა გარდავქმნათ ამ დონის ეპიდემიის დროს ეფექტიანი საქმიანობისთვის“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ იგრძნო თუ არა, რომ ქვეყანა უკვე იდგა მეოთხეული განვითარების ზღვარზე, პრინციპულად სხვა დონის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„ეპიდემიის თვალსაზრისით, ამ კრიზისული სიტუაციის პირდაპირი სამთავრობო მართვა პრემიერმა თავის ხელში აიღო, რასაც ვერ ეყოფოდა ვერც დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ვერც ჯანდაცვის სამინისტროს უფლებამოსილება. ისინი ვერ მიიღებდნენ იმ გადაწყვეტილებებს, რაც პირადად პრემიერმა მიიღო. ეს მათი პრეროგატივა არ იყო“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სხვა პაციენტებისგან მთლიანად გათავისუფლდა და დაიცალა ოთხი წამყვანი კლინიკა, გეგმა ა-ს ფარგლებში მობილიზებულია 440 საწოლი და თუ საჭირო გახდა, გეგმა ბე-ს ფარგლებში მთელ ქვეყანაში 3 600 საწოლი იქნება მობილიზებული, პერსონალის ტრენინგით, ეკიპირებით, მედიკამენტებით და ყველაფრით.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ხერხდება კონტაქტში მყოფი პირების იდენტიფიცირება და რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ ე.წ. მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები კვირის ბოლოდან დაიწყოს, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის ალბათობა არის და არა აუცილებლად იმიტომ, რომ კონკრეტული ერთი პაციენტი შეიძლება, იყოს მეოთხეული.

„ის კონკრეტული ერთი პაციენტი რომც არ იყოს, ამის ალბათობა მაინც არის. იმიტომ, რომ ეს ეპიდემიის განვითარების, მისი დინამიკის ბუნებრივი ეტაპებია. ეპიდემიამ ეს ეტაპები გაიარა ყველა ქვეყანაში. ყველგან ეპიდემიის შეკავების ფაზით იწყებოდა; თავიდან ე.წ პირველი ხაზის გადაცემით, შემდეგ მეორე, მესამე და შემდეგ აუცილებლად მიდიოდა მეოთხე და შემდეგი ხაზის გადაცემებზე. ეს თავიდან ვერ აიცილა ევროპის ვერც ერთმა განვითარებულმა ქვეყანამ. იმ ქვეყნებმა, რომლებსაც საუკეთესო, სამაგალითო ჯანდაცვის სისტემა აქვთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, თუ შემთხვევების რაოდენობა ისე მოიმატებს, რომ კლინიკების საშუალებით მათი ეფექტური მართვა შეუძლებელი იქნება, მაშინ განხორციელდება მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვა და ამაში არაფერია ცუდი.

„ჯერ ეს არ არის გადაწყვეტილება. ეს არის წინასწარი განცხადება. ოჯახის ექიმები თუ დღეს არ არიან მზად, ყველაფერი კეთდება მათი ცოდნის დონის ასამაღლებლად; მათ ყველანაირი ინსტრუქცია დაურიგდებათ და მაშინ, როცა ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა, ოჯახის ექიმები მზად იქნებიან“, – განაცხადა ცერცვაძემ.

შეკითხვაზე, დაიწყება თუ არა უსიმპტომო მოქალაქეთა მასობრივი ტესტირება და რაში დაეხმარება ეს ჯანდაცვის სექტორს, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რაც მეოთხეული გადაცემის პირობებში ეპიდემიის მასშტაბების შეზღუდვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

Facebook Comments
%d bloggers like this: