ნიკოლოზ ფილატოვი-ვიღაცას ძალიან დაჭირდა კაცობრიობის შეშინება

შესაძლოა, ეს ვირუსი მართლაც ჩინეთში დაიბადა, მაგრამ ის უკვე 5 წელი, ან უფრო მეტი, მსოფლიოში მოგზაურობს და სპეციალური ტესტ-სისტემების გარეშე ის უბრალოდ, აღმოჩენილი არ იყო,-აცხადებს მეჩნიკოვის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, მოსკოვის ყოფილი მთავარი სანიტარი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნიკოლოზ ფილატოვი. „ბიზნეს ონლაინთან“ საუბრისას ის ამბობს, რომ ახალი კორონავირუსი ჩვეულებრივი რესპირატორული დაავადებაა, მის შეჩერებას კი, ადამიანების ბუნებრივი იმუნიზაცია შეძლებს, რასაც დრო ჭირდება. 

გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილს.

„ვიღაცას რატომღაც ძალიან დაჭირდა კაცობრიობის შეშინება. რას ვხედავთ? როგორია ლეტალობა? მაღალპათოგენური „ფრინველის გრიპი H5N1- მისი ლეტალობა 52,8 პროცენტია. ეს ნიშნავს, რომ დაინფიცირებულთა ნახევარი კვდებოდა. ამასთან, დაავადება არ არჩევდა მოხუცს და ახალგაზრდას, არც სქესს და არ ადამიანის ქცევის წესებს. იყო დაავადებული ფრინველი და მისგან ინფიცირდებოდნენ ადამიანები, ეს ჩიხი იყო და გაცილებით საშიშ ვირუსთან გვქონდა საქმე, ვიდრე ახალი კორონავირუსია. 

კორონავირუსების შესახებ დიდი ხანია ცნობილია. ისინი გარკვეული ოდენობით მწვავე რესპირატორულ ინფექციებსაც ახლავს. ამ ახლის ლეტალობა კი, 3,4 პროცენტია. ეს რაზე მეტყველებს? არაფერზე. ეს არის ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექცია. და უცბად ასეთი ბუმი! რატომ? რატომ ატყდა ასეთი ამბავი, ბავშვები და მოზარდებისთვის ის საშიში არ არის, ავადდებიან ძირითადად ხანშიშესულები და მოხუცები. რაშია საქმე?

აი რასთან გვაქვს საქმე: მაკროფაგი- ეს არის იმუნური სისტემის უჯრედი-დირიჟორი. მიკრობი, ტოქსინი, რაც კი მასზე მოქმედებს, მაკროფაგის ნაწილი ფიზიოლოგიური გზით რეაგირებს, ეს ნორმალურია. თუმცა მაკროფაგების სხვა ნაწილი ჰიპერაქტიური ხდება. სწორედ ამ ჰიპერაქტიური მიკროფაგების წილია მოხუცებში მეტი. როდესაც მიკროფაგი ასეთ ადამიანის ორგანიზმში გამაღიზიანებელს შეხვდება, ის ძალიან ღიზიანდება და იმუნურ სისტემას მობილიზებას უკეთებს ორგანიზმის აქტიურად დასაცავად. რა არის აქტიური დაცვა? ეს არის გაღიზიანების ადგილზე ლეიკოციტების მოზღვავება, ამ შემთხვევაში – ფილტვებში. და რას ნიშნავს ლეიკოციტების მოზღვავება ფილტვებში?- რა თქმა უნდა, ანთებას. თუ ამ ჰიპერაქტიურობას მოვხსნით, არანაირი პნევმონია არ იქნება. და საერთოდ, ეს კორონავირუსიც საერთოდ არაფერი იქნება. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ეს ახალი ვირუსი რაღაც გლობალური საშიშროებაა, რომელიც სადღაც ლაბორატორიაში კაცობრიობის მტერმა შექმნა. მაშინ კარგად ვერ შეუქმნია. ვირუსი ახალია, იმუნიტეტი მის მიმართ არ არსებობს, თუმცა დაიწყება ადამიანების ბუნებრივი იმუნიზაცია და ყველაფერი დასრულდება. აი ახლა ივლის, ისეირნებს, ბავშვებზე იცირკულირებს, თავის ვირულენტობას ბოლომდე დაკარგავს და რას მივიღებთ? იმუნური ფენის რაღაც ნაწილს და ეს ვირუსიც ყველას დაავიწყდება. ის ჩვეულებრივი კორონავირუსი გახდება. 

ყველაფერი, რაც დღეს ხდება, იმაზე მეტყველებს, რომ შიშს დიდი თვალები აქვს. მესმის ქვეყნების ხელისუფლებების, უნდათ გამორჩეულები იყვნენ, მიიღონ ხმამაღალი გადაწყვეტილებები, მეორეს მხრივ, თავი დაიზღვიონ, რომ ღმერთმა ნუ ქნას, გულგრილობაში არ დაადანაშაულონ თუ სიტუაცია გართულდა. სწრაფად მიდის მუშაობა ვაქცინებზე. თუმცა მებადება კითხვა, რას ვუზამთ ამ ვაქცინას? საჭიროა? ბავშვებს ავცრით, რომ იმუნიტეტი გავუძლიეროთ? მოხუცებს ავცრით, რომ იმუნიტეტი დავუქვეითოთ? თუ ვინც დააავადდება, მისი გარემოცვა უნდა ავცრათ? და საერთოდ, საჭიროა ეს ვაქცინა? ვფიქრობ, პაპილომის წინააღმდეგ აცრა გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთან, ონკოლოგიურ ცენტრში თვეში 150 ახალგაზრდა ქალი მოდის საშვილოსნოს ყელის ოპერაციისთვის. 

ჩინელები ამბობენ, რომ ახალი კორონავირუსი იმუნურ სისტემას ანადგურებს, მე აგიხსენით მაკროფაგების მაგალითზე, რა ხდება. კონკრეტულად რას ანადგურებს ეს ვირუსი? უფროსებში მაკროფაგების ჰიპერაქტიურობას იწვევს, მაგრამ ეს თავდაცვაა, ეს თავად იმუნური სისტემის რეაქციაა. თუმცა ამ შემთხვევაში ორგანიზმის ჯანმრთელობის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. უნდა მოხდეს ამ მიკროფაგების აქტიურობის შენელება, რისი პრეპარატებიც არსებობს. რაც შეეხება იმუნური სისტემის გათიშვას და ამ ვირუსის შიდსთან შედარებას, ეს აბსურდია. შიდსი სრულიად სხვა რამაა, იმუნური სისტემის გამორთვა ხდება იმიტომ, რომ ორგანიზმი ვერ ანსხვავებს იმუნოდეფიციტის გამომწვევ ვირუსს და ის დაუბრკოლებლად ანგრევს ორგანიზმს, თუ არ უმკურნალე. კორონავირუსის შემთხვევაში, სულ სხვა სურათი გვაქვს. მას ორგანიზმი გრძნობს და ებრძვის მაკროფაგების მეშვეობით. თუ ამ მაკროფაგების აქტიურობას გავთიშავთ, მორჩება, არავითარი პნევმონია აღარ გვექნება.

ვიღაცა ნიღბებს ყიდის კოსმოსურ ფასებში, ვიღაცა სადეზინფექციო ხელსახოცებს, ვიღაც ხალათებს, სპეცაღჭურვილობას და ა.შ. შორიდან ეს ყველაფერი ისე ჩანს, რომ მსოფლიო შეიშალა. ადამიანებმა ამ ყველაფერს რაღაც შეფასება ხომ უნდა მისცენ? მსოფლიოში რამდენი ვირუსოლოოგიის ინსტიტუტია, რომელიც იმუნიტეტსა და ვაქცინებზე მუშაობს, რატომ არ იხმობს მათ ხელისუფლების ორგანოები, რატომ არ ავალებს მეცნიერებს, შეიკრიბონ, მიიღონ გადაწყვეტილებები და მთავრობებს მისცენ რეკომენდაციები? არა, ადგნენ და საზღვრებს კეტავენ. ცხოველებსაც დაუკეტავენ? იგივე ღამურებს? რისთვის კეთდება ეს ყველაფერი? ვირუსოლოოგიის თვალსაზრისით, ეს უბრალოდ, რაღაც დროით გადაწევს გავრცელებას, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ტოტალური კარანტინის შემოღება, ყველაფრის შესყიდვა მაღაზიებში, დავსხდეთ სახლებში სამი კვირა, სანამ ვინმე არ დაგვასნეულებს, გამოვალთ, დავინფიცირდებით და კიდევ სამი კვირა დავსხდებით სახლებში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩვეულებრივი პნევმონიისგან მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე ამ კორონავირუსისგან.“,-ამბობს ვირუსოლოგი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: