როგორ ხდება კორონავირუსზე ადამიანის შემოწმება

მსოფლიო COVID-19-ის წინააღმდეგ უპრეცედენტოდ იბრძვის და მის შეკავებას ცდილობს. დაავადების გავრცელების შეჩერების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი საეჭვო ადამიანის სიმპტომებზე გასინჯვაა.

როჩესტერის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიისა და ვირუსების მკვლევარი მორინ ფერანი ამ დიაგნოსტიკური ტესტირებების შესახებ ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

ვის უტარდება ვირუსზე ტესტი?

ადამიანს ვირუსზე მხოლოდ მაშინ ამოწმებენ, თუ მას სიმპტომები აღენიშება ან ინფიცირებულ ადამიანთან რამე სახის ფიზიკური კონტაქტი ჰქონდა.

კორონავირუს SARS-CoV-2-ის მიერ გამოწვეული ინფექციის, COVID-19-ის ძირითადი სიმპტომები სიცხე, მშრალი ხველა და სუნთქვის უკმარისობაა. ეს გამოვლინებები გრიპისა და ჩვეულებრივი გაციების სიმპტომებს წააგავს, ამიტომ აუცილებელია, რომ ექიმმა განსაზღვროს, ჩაუტარდება თუ არა ადამიანს ვირუსზე ტესტირება.

თავდაპირველად, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ტესტირების რეკომენდაცია მხოლოდ სიმპტომების მქონე და ინფიცირებულთან ფიზიკურ კავშირში მყოფ ადამიანებზე გასცა. თუმცა, ჯანდაცვის წარმომადგენლებისდა გასაკვირად, აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირველ რამდენიმე ადამიანს ვირუსიან ადამიანებთან კონტაქტი არ ჰქონია. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ვირუსი ლოკალურად გავრცელდა — ის ადამიანიდან ადამიანზე ძალიან ადვილად გადადის და/ან დაინფიცირებული ადამიანები ვირუსს სერიოზული სიმპტომების გამოვლენის გარეშე ავრცელებდნენ.

ამის საპასუხოდ, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა რეკომენდაციები შეცვალა და დაუშვა ნებისმიერი ადამიანის COVID-19-ზე ტესტირება, თუ მას ექიმი მოითხოვდა. რადგანაც ტესტირებების რაოდენობა შეზღუდულია, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ფიზიოლოგებს მოუწოდებს, გონივრულად გამოიყენონ რესურსი.

ამ დროის მონაცემებით, ჯერჯერობით COVID-19-ის არანაირი სამკურნალო პრეპარატი და ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტესტირებები უაზროა. საეჭვო ადამიანის სიმპტომებზე გასინჯვა მნიშვნელოვანია, რადგან თუ მას ვირუსი დაუდგინდა, კარანტინში მოათავსებენ და ინფექციის გავრცელება შედარებით შენელდება. გარდა ამისა, ეს ჯანდაცვის ექსპერტებს დაავადების პოპულაციაში გავრცელების უკეთ შესწავლის საშუალებას აძლევს.

როგორ ხდება ტესტირება?

პაციენტის ტესტირება საკმაოდ მარტივი პროცესია და მისი გაკეთება პოტენციურად ყველგანაა შესაძლებელი. ამ დროს ადამიანის ცხვირის სიღრმეებიდან ნაცხს იღებენ, შემდეგ კი ნიმუში ლაბორატორიაში იგზავნება, სადაც ადგენენ, არის თუ არა პაციენტის უჯრედები ვირუსით ინფიცირებული. ანალოგიური პროცედურაა გრიპის ვირუსზე ტესტირებაც.

რამდენად ეფექტიანია ტესტი?

მართალია, ნაცხის აღება და ნიმუშის ლაბორატორიაში გადაგზავნა მარტივი პროცედურაა, მაგრამ ვირუსის დადგენა ბევრად უფრო რთულია. ამჟამინდელი მეთოდით, მედიკოსები პაციენტის უჯრედებში ვირუსის გენეტიკურ მასალას (რნმ) ეძებენ.

პაციენტის ნიმუშში რნმ-ის არსებობის აღმოსაჩენად, ლაბორატორიები „შებრუნებული ტრანსკრიფციული პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქციის“ ტესტს ატარებენ. ეს მეთოდი თავიდან ვირუსულ რნმ-ს დნმ-ად გარდაქმნის. შემდეგ ამ დნმ-ის მილიონობით ასლი კეთდება მანამ, სანამ სპეციალური აღჭურვილობით (PCR ინსტრუმენტი) ვირუსს არ დააფიქსირებენ. პაციენტის ნიმუშში ვირუსის გენეტიკური მასალის აღმოჩენა პაციენტის ვირუსით ინფიცირებას ნიშნავს.

ასეთი ტესტის შედეგების მისაღებად 24-72 საათია საჭირო. ვირუსის ეპიდაფეთქების დროს ჩატარებული ტესტირებების რაოდენობის სწრაფი ზრდისას მის სიზუსტეს ბევრი ეჭვქვეშ აყენებდა. ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ჩინეთში ჩატარებული ტესტირებების 3%-ს უარყოფითი შედეგი ჰქონდა, როცა რეალურად ნიმუშები ვირუსით ინფიცირებული იყო.

ყველას სჭირდება თუ არა ტესტის ჩატარება?

რეალურად თუ მივუდგებით, ყველა ადამიანის ტესტირება შეუძლებელია. გამომდინარე აქედან, ჯანდაცვის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ის ადამიანები უნდა შევამოწმოთ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ — მაღალი რისკის მქონე ხალხი, რომლებსაც COVID-19-ით ინფიცირებულებთან უშუალო ფიზიკური კონტაქტი ჰქონდათ; მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული სიმპტომებიანი ადამიანები; ქრონიკული დაავადებების (გულის ან ფილტვის დაავადება და დიაბეტი) 65 წლის და მეტი ასაკის ადამიანები.

ტესტირებების რესურსების ზრდასთან ერთად უფრო მეტი ადამიანის გასინჯვა შეგვეძლება. ასევე აუცილებელია, რომ იყოს სწრაფი დიაგნოსტირების საშუალებაც, როცა ტესტირება არ მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობასა და მედპერსონალს. პაციენტების შემოწმება ექსპერტებს დაეხმარება, უკეთ განისაზღვრონ ეპიდაფეთქების პროგრესი, რითაც მათ საზოგადოებაზე ვირუსის ზიანის წინასწარმეტყველება შეეძლებათ.

როგორც ყველა სხვა, ეს პანდემიაც აუცილებლად დასრულდება. ამასობაში კი აუცილებელია, რომ ადამიანებმა ხშირად დაიბანონ ხელები და ინფიცირების რისკები მაქსიმალურად შეამცირონ. ახალ კორონავირუსზე ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს შესასწავლი. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, ის პოპულაციიდან ისევე გაქრება, როგორც SARS-ი 2003 წელს, თუ გახდება სეზონური ვირუსი, როგორც გრიპი.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

წყარო:1tv.ge

Facebook Comments
%d bloggers like this: