ამ წუთებში მთავრობა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას განიხილავს

ცოტა ხნის წინ პრემიერთან შეხვედრაზე იყვნენ მისულები ამერიკის ელჩი საქართველოში და ევროკავშირის ელჩი.

ამ წუთებში კი პრემიერთან იკრიბება უკლებლივ ყველა მინისტრი, შეხვედრაზე მივიდა ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

როგორც ცნობილია, შეხვედრა შედგება კორონავირუსის საფრთხეებზე სასაუბროდ. “ალიასთვის” კულუარულად გახდა ცნობილი, რომ ამ წუთებში ხელისუფლება საგანგებო რეჟიმის შემოღებაზე მსჯელობს.

ვნახოთ, რა განცხადებები კეთდებოდა დღეს:

დღეს პრემიერმა უკვე დაანონსა, რომ მინისტრებს დაავალა, იმუშაონ ახალი შეზღუდვების პროექტებზე და დღის ბოლოს წარადგინონ – შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს, ამბობდნენ მთელი დღის მანძილზე პრემიერის მრჩევლები, მინისტრები.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით კი, შეზღუდვების გამკაცრება საჭიროა იმისათვის, რომ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდაა მოსალოდნელი, განსაკუთრებით იმ ადამიანთა შორის, რომლებიც ევროპიდან ჩამოვიდნენ და კარანტინში იმყოფებიან.

დღის მანძილზე საუბარი იყო ასევე, საგანგებო მდგომარეობაზე – დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ითხოვდა, დროებით ყოფილიყო შემოღებული საგანგებო მდგომარეობა, რათა ხელისუფლებას მოეხერხებინა პანიკის თავიდან აცილება ინფორმაციის მართვის გზით – კარგია, თუ საგანგებო მდგომარეობის სხვა საჭიროებას ვერ ხედავს ხელისუფლება და მხოლოდ მედიაა პრობლემა.

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე კი ითხოვდა, საგანგებო მდგომარეობას მოჰყოლოდა ეკონომიკური, თუ ფინანსური პროექტები, რადგან სახლში დამჯდარ ხალხს არ შექმნოდა კომუნალურების გადახდის და საკვების ყიდვის პრობლემა.

პარალელურად, მთელი დღის მანძილზე, შალვა ნათელაშვილი ითხოვს კომუნალურების გაუქმებას და აანონსებს, რომ დღის ბოლოს შესაძლოა, გამოაცხადონ კიდეც ეს გადაწყვეტილება.

ის ფაქტი, რომ შეხვედრას ესწრება პრეზიდენტიც, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში თითქმის ყველა დოკუმენტის ხელისმომწერი პირი იქნება – საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ამ წუთებში მთავრობა საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზეც მსჯელობს, მით უფრო, რომ პრემიერმა სულ ცოტა ხნის წინ გამართა მოლაპარაკება ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებთან, რომლებიც მას ნამდვილად ვერ გაუწევდნენ სამედიცინო კუთხით რეკომენდაციებს.

როგორც უკვე ითქვა, სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის წევრები განცხადებებს გააკეთებენ.

Facebook Comments
%d bloggers like this: