ინფიცირებულთა რიცხვი 40 გახდა, მათგან ერთი 80 წელს გადაცილებულია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტიდან 31 ინფექციურ საავადმყოფოშია განთავსებული და მათგან 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ერთ-ერთი პაციენტი 80 წელს გადაცილებულია და აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით, რამაც შეიძლება მდგომარეობის დამძიმება გამოიწვიოს.

„ქვეყანაში ინფიცირებული 40 პაციენტია, მათგან ჩვენთან 31 პაციენტი იმყოფება. 31-დან 3 პაციენტი არის პრობლემური და მათ გარკვეულწილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი პაციენტი არის 80 წელს გადაცილებული და აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს და პროგნოზი გახდეს არაკეთილსაიმედო. გარდა ამ ქალბატონისა, კიდევ 2 პრობლემური პაციენტი გვყავს. მათთანაც არსებული დაავადება ერთთან არის ჰიპერტონული და მასთანაც შეიძლება დაავადების გართულება და პროგნოზულად მძიმე გამოსავალი. მესამე მძიმე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, მაგრამ დინამიურად გაუარესებული გვაქვს მაჩვენებელი. იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევებში ყველაფერი კარგად დამთავრდება. ნაწილთან არის საშუალო სიმძიმის პნევმონიები და ნაწილთან მსუბუქი სიმძიმის. ყველასთან მიმდინარეობა სტაბილურია, არსად პროგრესირება არ შეინიშნება და ველოდებით, რომ დადგება სტაბილურობა,“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, 80-წელზე მეტი ასაკის პაციენტი „ერთ-ერთ ინფიცირებულთან კონტაქტს წარმოადგენს“.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: