რა ელით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო, ევროკავშირში ყოფნის ვადები დაარღვიეს-ზალკალიანის განცხადება

“ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც ევროკავშირის/ შენგენის ზონაში ლეგალურად ყოფნის პრობლემა შეექმნა “,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგარეო უწყება კომუნიკაციაშია როგორც ევროკავშირთან, ისე ინდივიდუალურად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

“გამოვთქვამთ მზაობას, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც შეექმნათ ევროკავშირში პრობლემა ლეგალურად ყოფნის 90 დღიანი ვადის გადავადების, ამ მიმართულებითაც, ინდივიდუალურად გავუწევთ შესაბამის დახმარებას, თითოეული შემთხვევიდან გამომდინარე”,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეიმუშავეს დროებითი რეგულაციები, რომლის თანახმადაც, მათ ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვისაც შექმნილი ვითარებისა და ქვეყნის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, გადაადგილების პრობლემა შეექმნა ფორსმაჟორის გათვალისწინებით, შენგენის სივრცეში ლეგალურად ყოფნის ვადა გაუხანგრძლივდება, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეებმა ადგილსამყოფელი ქვეყნების შესაბამის უწყებებს უნდა მიმართონ.

“ამ მიმართულებითაც, ჩვენი საკონსულოები და საელჩოები მზად არიან, რომ დაეხმარონ მოქალაქეებს შესაბამის კომუნიკაციაში, ადგილსამყოფელი ქვეყნის მიხედვით”,- აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები საკუთარ ვებ-გვერდებსა და სოციალურ ქსელებში რეგულარულად აქვეყნებენ ინფორმაციას ადგილსამყოფელ ქვეყანაში შემოღებული წესების შესახებ და მზად არიან დახმარება გაუწიონ საქართველოს მოქალაქეებს ადგილსამყოფელი ქვეყნის შესაბამის სამსახურთან ურთიერთობაში.

Facebook Comments
%d bloggers like this: