600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე სამი თვით იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომელსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის ტერიტორია იჯარით აქვს აღებული, გადასახადისგან გათავისუფლდება.

კალაძის თქმით, მეწარმეებს თბილისის მერია მარტის, აპრილის და მაისის თვის იჯარის გადასახადისგან გაათავისუფლებს.

“ფორმალობისთვის ხელშეკრულებებში ცვლილებები განხორციელდება ეტაპობრივად. თუ ჩვენ დამატებით ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვიქნებით, ეს შეღავათები გაგრძელდება მომდევნო თვეების განმავლობაშიც”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი განცხადებით, თბილისის მერიის მიერ შეთავაზებული შეღავათების ფარგლებში მეიჯარე ვალდებულია, შეღავათის პირობები გაავრცელოს ქვემოიჯარეებზეც.

“არის შემთხვევები, როცა ქონება მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული. შემდეგ ის კიდევ სხვადასხვა ადამიანებზე აქირავებს. რა თქმა უნდა ამ ადამიანებსაც უნდა შეეხოს ეს გადაწყვეტილება”, – აცხადებს კახა კალაძე.

აღნიშნული შეღავათები საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილ ვითარებას უკავშირდება.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 40 დადასტურებული შემთხვევაა.

Facebook Comments
%d bloggers like this: