ამირან გამყრელიძე გიორგი ვაშაძეს: მომწოდებელთან დაკავშირება არ გვჭირდება, ყოველდღე 10 კომპანიიდან მოდის შეთავაზება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ოპოზიციონერ გიორგი ვაშაძის ინიციატივას უპასუხა.

ვაშაძის ინიციატივა დაავადების დამდგენი ტესტების საკითხს ეხებოდა, კერძოდ, ის მზად არის, დახმარება გაუწიოს შესაბამის უწყებებს, რომ დააკავშიროს მომწოდებლებთან.

ამირან გამყრელიძემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ ყოველდღიურად საშუალოდ 10 კომპანიიდან მოდის შეთავაზება.

„დიდი მადლობა ბატონ გიორგის ამ შემოთავაზებისთვის. მე მეგონა შემოგვთავაზებდა, რომ გვაჩუქებდა ტესტებს და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი იმიტომ, რომ მე ახლა გვარს არ დავასახელებ, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა შესწირა და გადმოგვცა ტესტიც და ასევე, სხვათა შორის, ფულადი სახსრებითაც დაეხმარა დაავადებათა კონტროლის ცენტრს. როცა ჩვენ მოვრჩებით და ეპიდემია ჩაქრება ქვეყანაში, ყველა მათგანს ჩვენ სათითაოდ დიდ მადლობას გადავუხდით.

დაკავშირება მომწოდებლებთან ნამდვილად არ გვჭირდება იმიტომ, რომ ყოველდღიურად ჩვენთან შემოდის საშუალოდ ათი კომპანიიდან მაინც შემოთავაზება ტესტების მოწოდებასთან დაკავშირებით და ლუგარის ცენტრის პერსონალი აანალიზებს მონაცემებს და გადაცემული აქვს სამინისტროს, რადგან სამინისტრო აპირებს ცენტრალიზებულად მთელი რიგი ტესტების შეძენას.

ასევე, პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან, კორეასთან რათა გარკვეული რაოდენობა გადმოგვცენ. იცით, რომ გასულ კვირას ჩინეთმა ძალიან სერიოზული აპარატურა გვაჩუქა დონაციის საშუალებით და მომავალ კვირაში ათას ტესტს გადმოგვცემს. ეს მუშაობა სეიროზულად მიმდინარეობს და ბატონ გიორგის მადლობა ამ ინფორმაციისთვის, ინფორმაცია ძალიან ბევრი გვაქვს, თუ მას შეუძლია დაგვეხმაროს და ტესტები ჰუმანიტარული წესით გადასცეს ქვეყანას, ამაზე მხოლოდ მადლობელი ვიქნებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: