გზაზე ორი კაცი მიდიოდა, მათ არ ჭირდებოდათ ყვირილი და მიტინგები-თეა შაყულაშვილი

-“გზაზე ერთი კაცი მიდიოდა”,
-რათა ერთი?
-მაშ რამდენი?
ორი.
გზაზე ოთარ და თამაზ ჭილაძეები მიდიოდნენ, “ძმები “ჭილაძნები,” “საჭამიასერელი ჭილაძნები”, “გამოჩინებული ოჯახიშვილები”- როგორც მათ ბებიაჩემი დარეჯანი მოიხსენიებდ როცა “ცისკარის ან “მნათობშის” სარჩევში თავისი კუთხის კაცების გვარს დაინახავდა.
გზაზე ძმები ჭილაძნები მიდიოდნენ, ოღონდ ერთი, უფრო ჩუმი, ხმელ-ხმელი ოდნავ წინ მიდიოდა, მეორე კი უფრო სრული, უკან მიყვებოდა, აკვირდებოდა, თვალს ადევნებდა- არსად წაბორძიკებულიყო, თამაზის და ოთარის ძმობაზე სულ რეზო თაბულაშვილის სიტყვები მახსენდება, “დგომა ჩრდილში ჯობია, რაც მზეშია იმასაც კარგად ხედავ და რაც ჩრდილშია იმასაცო” მე სულ მეფიქრება, რომ ის, თავადაც დიდი, საუკეთესო, ნებაყოფლობით იდგა ოთარის ჩრდილში, რადგან კარგად ხვდებოდა, გზაზე მარტო მიმავალი ოთარი, საკუთარ შემოქმედებას “ვერ ეყოფოდა”.

დღეს ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა, წელს “მარტის მამალმა ” ავის მომასწავლებლად, უდროოდ იყივლა სამყაროს არ ცალია ოთარ ჭილაძის გასახსენებლად, პრინციპში თავი რატომ მოვიტყუოთ? ან მე საიდან გამახსენდებოდა “დიდი ებრაელი” ყველაფერს რომ არ გვახსენებდეს ამ გამოგონილ სამყაროში. თუმცა რაკი გამახსენდა, გამახსენდა ისიც, რომ “რაც არ ყოფილა, ის არც იქნება” და რაც დღეს ხდება, მოხდება კვლავაც…. რომ “ბრმა და უპოვარმა ცხოვრება, თავისი გაცვეთილი გუდიდან ახლა შემთხვევით “ცრემლისა ლეკვი” ამოიყვანა, მაგრამ როცა იმ გუდაში კვლავ ჩაყოფს ხელს აუცილებლად “სიცილისა” ამოყვება და ყველაფერი ძველებურად დაუბრუნდება ჩვეულ კალაპოტს და იმ დღესვე დაირღვევა სამყაროს ეს მოჩვენებითი ერთსულოვნება, ჩვენს გულუბრყვილო ქვეყანაში ისევ შემოაღწევს ნამდვილი, ხმაურიანი, ცოდვიანი, ტლანქი და დაუნდობელი სინამდვილე; ადამიანები ისევ ბედს დააბრალებენ მარცხსა და წარმატებას, რათა ასატანი გახადონ არსებობა; უძღები პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები ისევ არაფერს დათმობენ სამუდამოდ, ხოლო რასაც აირჩევენ- ვერასდროს იმყოფინებენ და ამიტომაც სამყაროში მუდამ იგიზგიზებს უნაკვერჩხლო ცეცხლი, რომელზედაც არც მწვადი იწვის და არც შამფური; სარჩო- საბადებელის მოპოვებაზე გადაგებულებს, ისევ დაგვავიწყდება, რომ “ადამიანობა მოთმინებაა” და ამიტომ, სადაც გაგვივა, იქ არაფერს მოვითმენთ;

დაგვავიწყდება, რომ “ადამიანი სინდისია. სინდისი რომ წაართვა და სხვა ყველაფერი დაუტოვო, ვეღარ იქნება ადამიანი და თუმც შეგვაწუხებს, მაინც ხშირად ჩავიდენთ უსინდისობას იმ იმედით, რომ ვიდრე სინდისი გვაწუხებს, ყველაფერს ეშველება; რა თქმა უნდა ” ნამდვილი მამაკაცები ისევ გაიხსენებენ “რა უნდათ, რატომ უნდათ და როდემდე უნდათ.” ქალები ისევ დაიტოვებენ იმ ხელუხლებელ, შეუვალ ნაწილს, სადაც მათი დამარცხება მკვლელ და ლაჩარ ქმრებსა და საყვარლებს არ შეეძლებათ”, ისინი კვლავაც მანამ იქნებიან სანდო, სანამ უყვართ და არც ერთი წუთით მეტი და ამ არეულ -დარეულ, ქაოსურ, ცვალებად სამყაროში მხოლოდ “ბავშვები მუდმივად იქნებიან დროის ყველაზე უტყუარი საზომი”….

გზაზე ორი კაცი მიდიოდა, მათ არ ჭირდებოდათ ყვირილი და მიტინგები- იმისთვის რომ შეემჩნიათ, არასდროს ისხდნენ ტელევიზიებში ჭკუის დამრიგებლებად, არ ყავდათ “ბოსები” და “ნათლიმამების” პანაშვიდებზე არ იდგნენ ჭირისუფლებში, ასეთია ნამდვილი შემოქმედის ცხოვრება გნებავთ ტირანიულ და გნებავთ დემოკრატიულ ქვეყანაში.
სხვა ყველაფერი გრამაფონშია.
უკვე გუშინ კი ოთარ ჭილაძის დაბადების დღე იყო !”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თეა შაყულაშვილი

Facebook Comments
%d bloggers like this: