რა უფლებები შეგვეზღუდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ

Nusagi

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზანია, ხელისუფლების ორგანოებს შეექმნას ნორმალური ფუნქციონირების პირობები, რათა არ გაღრმავდეს ის პროცესები, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან არის დაკავშირებული.

კონსტიტუციონალისტის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ინიციატივა ეკუთვნის მთავრობას – პრემიერი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს წინადადებით, რომ შემოღებული იქნას საგანგებო მდგომარეობა. პრეზიდენტი განიხილავს ამ წინადადებას და თავისივე ბრძანებით უბრუნებს პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის. პრემიერი აწერს ხელს პრეზიდენტის ბრძანებას და უგზავნის უკან პრეზიდენტს.პრეზიდენტი წარდგინებით დაუყოვნებლივ შევა პარლამენტში. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკანონმდებლო ორგანო, ანუ პარლამენტმა უმრავლესობით უნდა დაამტკიცოს საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის აქტი.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იქნება შემოღებული, ავთანდილ დემეტრაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უფლება.

“პირველ რიგში ხელისუფლება ვალდებულია, ააწყოს სახელმწიფოს ყველა ორგანოს საქმიანობა თავისი ძირითადი მიზნის, ანუ ეპიდემიის თავიდან აცილების და მისი არ გავრცელების მიზნით.

მობილიზებული იქნას პირველ რიგში რა თქმა უნდა ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ ამასთან სხვა სახელმწიფო ორგანოებიც, და საჭიროების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს პოლიცია, სამხედრო ძალები”, – აცხადებს კონსტიტუციონალისტი.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ხელისუფლებას შეუძლია შეზრუდოს ან საერთოდ შეაჩეროს ადამიანის კონკრეტული უფლებები და თავისუფლებები. ეს დაკავშირებულია გადაადგილებასთან, საკუთრებასთან და ა.შ.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, კონსტიტუციის თანახმად რა უფლებები იზღუდება:

ადამიანის თავისუფლება;

მიმოსვლის თავისუფლება;

პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები;

აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები;

სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები;

საკუთრების უფლება;

შეკრების თავისუფლება;

შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 47 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 1 გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი, 259 პაციენტი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: