ადამიანების შეკრებასთან დაკავშირებით შეზღუდვა ეკლესიასაც ეხება-მაია ცქიტიშვილი

Nusagi

“გამოვრიცხავ რაიმე კავშირს საგანგებო მდგომარეობის შემოღებასა და  სინოდის გუშინდელ გადაწყვეტილებას შორის. ჩვენი ისტორია და სახელმწიფოებრიობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია ეკლესიასთან. ჩვენს ეკლესიას აქვს 15 საუკუნის ისტორია და ის გამოცდილება და სიბრძნე, რომელიც ეკლესიაშია თავმოყრილი, არაერთხელ დახმარებია სახელმწიფოს ძალიან რთულ მომენტებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასულიერო პირები სრულად იაზრებენ იმ შესაძლო რისკებს, რომელიც დაკავშირებულია ამ ვირუსის  გავრცელებასთან, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.  

მისივე თქმით, საერო ხელისუფლება და ეკლესია ყოველთვის ახერხებდნენ გააზრებულ და რაციონალურ დიალოგს.  

„საგანგებო მდგომარეობის დეკრეტის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვა ადამიანების  შეკრებასთან დაკავშირებით ეხება როგორც ეკლესიებს, ასევე სხვა დაწესებულებებს. ეს შეზღუდვა, პირველ რიგში, განპირობებულია ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებით, რომ დავიცვათ ე.წ. სოციალური  დისტანცია და დავიცვათ ერთმანეთი ვირუსის გავრცელებისგან. ცხადია, წესი და კანონი მოქმედებს ყველასთვის და ეს ეხება ეკლესიასაც,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 49 დადებითი შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 1966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259. გამოჯანმრთელებულია – 1.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: