ბრიტანელი ექიმები- ყნოსვის უეცარი დაკარგვა შესაძლოა, ახალი კორონავირუსის ნიშანი იყოს

ყნოსვის უეცარი დაკარგვა შესაძლოა, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი სიმპტომი იყოს, ამის შესახებ ბრიტანეთის ოტოლარინგოლოგთა ასოციაციის (ENT) განცხადებაშია ნათქვამი.

ეს სიმპტომი შესაძლოა გამოვლინდეს მაშინაც, როდესაც დაავადების სხვა ნიშნები არ მჟღავნდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთი პაციენტი შესაძლოა, კორონავირუსის ფარული მატარებელი იყოს, აღნიშნავენ მედიკოსები. 

ორგანიზაციის მონაცემებით, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები რომ აღნიშნული სიმპტომები აღენიშნებოდათ COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში.

დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთსა და ჩრდილოეთ იტალიაში ანოსმიის უეცარი მატება შეიმჩნევა. ნათქვამია პროფესორების, კლერ ჰოპკინსისა და ნირმალ კუმარის განცხადებაში. 

„ეს პაციენტები შესაძლოა, იყვნენ მანამდე უცნობი, ფარული მატარებლები, რომლებმაც COVID-19-ის სწრაფ გავრცელებას შეუწყეს ხელი. სამწუხაროდ, აღნიშნული სიმპტომი არ შეესაბამება თვითიზოლაციის ახლანდელ კრიტერიუმებს“,-ნათქვამია განცხადებაში.

ექიმების რეკომენდაციით, ეს სიმპტომი გასათვალსწინებელია, როგორც ერთ-ერთი მეთოდი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გამოსავლენად, რომლებსაც ჯერ არ აღენიშნებათ მშრალი ხველა, ან ტემპერატურა. 

„არის ალბათობა, რომ თუ ანოსმიის მქონე ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც სხვა სიმპტომები არ აქვს, 7 -დღიან იზოლაციაში მოვათავსებთ, უსიმპტომო დაავადებულების რაოდენობის შემცირებას შევძლებთ. ისინი ხომ ჩვეულებრივად, გამავრცელებლები არიან“,-აცხადებენ ENT-ში.

მანამდე ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ,  ნადინ დორისმა განაცხადა, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა  უთხრა, რომ დაკარგული აქვს ყნოსვის შეგრძნება. 

გარდა ამისა, ანოსმიაზე, როგორც კორონავირუსის სიმპტომზე საუბრობდა გერმანელი ვირუსოლოგი, პროფრსორი ჰენფრიკ სტრიკი. მისი თქმით, ყნოსვისა და გემოს დაკარგვა აღენიშნებოდა მისი პაციენტების მესამედს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 21 მარტის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 32 ათასი ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, საერთო რაოდენობამ კი, 266 ათასი შეადგინა. გარდაიცვალა 11 ათასი ადამიანი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: