Advertisements
ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: პურის ფასი არ გაიზრდება

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში პურის ფასი არ გაიზრდება.

„ხორბლის მარაგები მუდმივად კონტროლდება. საგანგებო პირობებში, აღნიშნულ მიმართულებაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. ხაზგასმით ვამბობ, რომ პურზე ფასები არ გაიზრდება, მიწოდებაში არ იქნება შეფერხება და შეზღუდვა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან, პურის მწარმოებლებთან და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო) ფასების დაზღვევის მიზნით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული  პროექტი გააცნო.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სამინისტროში შემუშავებულია „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელებს. პროექტის თანახმად, იმპორტიორი კომპანიებისთვის, რომლებიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით 9 ძირითად სასურსათო პროდუქტს შეისყიდიან, გარკვეული პირობებით, სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს.

ხორბლის, ფქვილისა და პურის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილია.

Facebook Comments
Advertisements