რა დოზით შეეხება ეკლესიას საგანგებო მდგომარეობა?

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ პრეზიდენტის დეკრეტში არ წერია, რომ რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება არის შეზღუდული.

საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში ეკლესია სახელმწიფოს ვირუსის გავრცელების შეკავებაში დაეხმარება.

ამასთან, არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

“სახელმწიფოს და ეკლესიას, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არსებობს კონსტრუქციული, ხანგრძლივი და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები. თუკი საჭიროება იქნება, იმედი გვაქვს, რომ მართლმადიდებლური ეკლესია და ყველა რელიგიური ორგანიზაცია მაქსიმალურად დაეხმარება სახელმწიფოს, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების შეკავება და შემდგომი ღონისძიებების მიღება.

როგორც დეკრეტის ტექსტი ამბობს, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არ არის შეზღუდული. შესაბამისად, ამ მომენტისთვის რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა და აღმსარებლობა არის ამ უფლების ნაწილი.

ასევე მინდა ვთქვა, როდესაც არის ეპიდემიის საფრთხე, ამ შემთხვევაში მთავრობამ უნდა მოძებნოს ბალანსი რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებასა და ჯანმრთელობის უფლებას შორის. შესაბამისად, მთავრობას დღეს ჩვენ მივეცით უფლება, თუ ჩვენება შეიცვალა დამატებითი ღონისძიებების მისაღებად, მან უფრო მკაცრი შეზღუდვები მიიღოს, ამიტომ ნებისმიერ დღეს, დეკრეტის გამოცემის შემდეგ, თუ ეს ბალანსი შეიცვლება, საჭირო გახდება ჩვენი მოქალაქეების დასაცავად დამატებით უფრო მკაცრი ზომების მიღება, ასეთი ზომები იქნება მიღებული მთავრობის მიერ და მთავრობას პარლამენტიდან ექნება სრული პოლიტიკური მხარდაჭერა”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

გარდა ამისა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში წირვა-ლოცვები ჩატარდება, თუმცა მრევლს მოუწოდებენ, დისტანცია დაიცვან.

მისი თქმით, ზიარების წესთან დაკავშირებით მორიგი მსჯელობის გამართვა მოსალოდნელი არ არის.

“10 კაციან შეკრებაზე განცხადებამ გამოიწვია გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა და ბევრი შეკითხვები გააჩინა ეკლესიაში, მრევლში, სასულიერო პირებში. შესაძლებელია, რომ ტაძრების რატიფიცირება მოხდეს და უკვე ნაწილი მრევლისა მოახერხებს დადგომას უშუალოდ ტაძართან, ეზოშივე მოისმენს მსახურებას და არ ექნება დაბრკოლება არც ზიარების მიღებაში და არც მსახურებაში მონაწილეობის. წირვა-ლოცვები ჩატარდება რეკომენდაციების გათვალისწინებით. ერთ დღეში რთულია ყველას ყველაფერი გავაგებინოთ, მაგრამ ვიზრუნებთ, მრევლს ავუხსნათ, რომ დისტანცია დაიცვან, როდესაც მსახურებაზე დადგებიან”, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: