ლეილა ქადაგიშვილი – იტალიაში გარდაიცვალნენ მღვდლები, რომლებმაც მიცვალებულებს წესი აუგეს

ჩემი ახლობელი ქართველი მუშაობს ერთ-ერთ ოჯახში, სადაც ცოლ-ქმარს უკვე აქვს მაღალი სიცხეები და მშრალი ხველა, სად აღარ დარეკა, მაგრამ რამდენიმე დღეა, არავინ მისულა ტესტის ასაღებად. ასე დაიხოცა ოჯახებში უამრავი ადამიანი,-ამის შესახებ იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ლეილა ქადაგიშვილმა „ინფო ფოსტალიონთან“ ისაუბრა.

ლეილა ქადაგიშვილი ფლორენციაში ცხოვრობს, მჭიდრო კონტაქტები აქვს იტალიაში მცხოვრებ ქართველებთან და საქართველოს საელჩოსთან. ამბობს, რომ იტალიისთვის ამ მძიმე დროს, საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავს და სხვებსაც დარჩენას სთხოვს. მიზეზი ორია- მიაჩნია, რომ დასნეულებული ქვეყნიდან ათასობით ადამიანის ჩასვლას საქართველო უბრალოდ ვერ გაუძლებს, იტალიაში კი, მოხუცების უპატრონოდ დატოვება სასიკვდილოდ გაწირვას ნიშნავს.

„იტალიაში უამრავი ქართველია, ახლა ბევრი მათგანი ითხოვს სპეცრეისის დანიშვნას, თუმცა ვცდილობთ, გადავათქმევინოთ. ათასობით ადამიანის ჩასვლას საქართველო ვერ გაუძლებს, ის მოხუცები კი, რომლებსაც უვლიან, უპატრონობით დაიხოცებიან. იტალიის მთავრობამ მადლობა გადაგვიხადა ემიგრანტებს, მათი მოხუცები რომ არ მივატოვეთ, შეგვპირდნენ, რომ ეპიდემიის გადავლის შემდეგ აუცილებლად გადაგვიხდიან სამაგიეროს, ალბათ საბუთს მოგვცემენ. ქართველები აქ მაქსიმალურად იცავენ ყველა წესს და რეკომენდაციას. სახლებში, სადაც ცხოვრობენ, დაინფიცირების რისკი მინიმალურია. ისევ მოხუცის შვილი თუ მოვა სანახავად და ის მოუტანს ვირუსს, სხვანაირად არ ავადდებიან. სუპერმარკეტი ჩემი სახლის წინაა, გადავდივარ კოსმონავტივით ჩაცმული, მოსვლისას ყველაფერს ვიხდი და მზეზე ვკიდებ 5 დღე, სანამ ისევ არ მომიწევს ჩასვლა. 2-2 კაცზე მეტს არ უშვებენ და კილომეტრიანი რიგები დგას. ადრე რომ მიეღოთ ასეთი მკაცრი ზომები, ასეთი მდგომარეობა არ იქნებოდა“,-ამბობს ლეილა ქადაგიშვილი.

მისივე თქმით, იტალიაში სიტუაცია ადამიანების დაუდევრობამ დაამძიმა.

„არავინ იღებდა სერიოზულად, დადიოდნენ გარეთ, ხვდებოდნენ ერთმანეთს, უყვართ გადაკოცნა, ერთად ყოფნა. უმძიმესია მდგომარეობა ჩრდილოეთ იტალიაში, ბერგამოში უკვე ყველა ინფიცირებულია. დღემდე მიკვირს, რატომ დაიღუპა ამდენი ექიმი, რომლებიც სულ სკაფანდრებში არიან. ვფიქრობ, მაინც ირღვევა სანიტარული წესები. ბოლომდე არ სრულდება რეკომენდაციები. თუმცა რა გასაკვირია, ვეღარ აუდიან ამხელა ნაკადს. ახლა წერენ, თითქოს იტალიის ჯანდაცვის სიტემა ერთ-ერთი გამართული და ძლიერი იყო, არ არის სიმართლე. მრავალი წელია აქ ვცხოვრობ და სამჯერ მოვხვდი ამათ სასწრაფოში, საკუთარი თვალით ვნახე ყველაფერი. მიმღებში რომ პაციენტი მოგიკვდება, იქ რა ჯანდაცვაზეა საუბარი. თანაც იმ დროს, როცა კორონავირუსი არ იყო. დღეს აქ არავინ არჩევს, საბუთიანი ხარ, თუ უსაბუთო, ყველას მკურნალობენ, მაგრამ შესაძლებლობები ეწურებათ. რაც შეეხება ქართველებს, ჩვენ ვაქცევთ ერთმანეთს ყურადღებას, თუ ვინმეს რამე გაუჭირდება, გვირეკავენ და ვაწრიალებთ ყველას, ვრეკავთ საელჩოში, საავადმყოფოში. არავის მივატოვებთ“,-ამბოს ემიგრანტი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ეკლესიები დაიკეტა, დაღუპულია 30 მღვდელი. ეს ის სასულიერო პირებია, ვინც გარდაცვლილებთან წესის ასაგებად მივიდა.

„რომის პაპი ვატიკანში, საკუთარი ბიბლიოთეკიდან კითხულობს მესას, დაკეტილია ყველა ეკლესია, თუმცა მაინც დაიღუპა 30 მღვდელი. ისინი გარდაცვლილებთან მიიყვანეს წესის ასაგებად და მიცვალებულის ტანსაცმლიდან გადაედოთ ვირუსი. ახლა ოფიციალურად ამას არ აცხადებენ, მაგრამ როგორც ამბობენ, ამის გამო მიცვალებულები საავადმყოფოებიდან ტანსაცმლის გარეშე გამოყავთ და ისე წვავენ. ვირუსს ყვავილის ფორმა აქვს, თავისი საცეცებით ეკრობა ყველაფერს და გარდაცვლილის ტანსაცმელზეც 2 დღე აქტიურია“,-ამბობს ლეილა ქადაგიშვილი.

ემიგრანტის თქმით, დღეს შედარებით იმედიანად არიან, რადგან კარანტინმა სავარაუდოდ, შედეგი გამოიღო.

„უკვე 12 დღეა კარანტინია. ჯერ უნდა ამოიყაროს და გამოჩნდეს ძველი დასნეულებულები და შემდეგ კლებისკენ წავა. 22-ში ახალი ინფიცირების შემთხვევა 15 ათასს აჭარბებდა, 23-ში  ეს რიცხვი 3-ჯერ შემცირდა.

ალბათ ყველამ ნახეთ, როგორ მღერიან იტალიელები აივნებზე. ალბანომ თქვა გუშინ, იმიტომ ვმღერივართ, რომ ერთმანეთს და მსოფლიოს გავაგებინოთ, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართო.

60-მილიონიანი ქვეყანაა და გადაიტანს, ჩვენ, ქართველი ემიგრანტები საქართველოსთვის ვლოცულობთ“,-ამბობს ლეილა ქადაგიშვილი. 

Facebook Comments
%d bloggers like this: