პაატა იმნაძე – აცადეთ ჩემს თანამშრომლებს მუშაობა, მათ არაფრის ეშინიათ

აცადეთ, ჩემს თანამშრომლებს მუშაობა, რომლებსაც ნიმუშის აღებისას ავადმყოფები პირში ახველებენ და მათ არაფრის ეშინიათ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საკმარისია თუა არა მარნეულში, საველე ჰოსპიტალში მედიკოსების რაოდენობა და რატომ იქმნება რიგები.

პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსზე ტესტი უტარდება ყველას, ვისაც საჭიროა.

„ნახონ, რა ხდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საერთოდ უკეთებენ თუ არა ტესტს ავადმყოფებს, არათუ მოსახლეობაში ხდებოდეს გამოკვლევა. ლაპარაკია ავადმყოფებზე, რომლებზეც იციან და ეუბნებიან სახლში დარჩითო და ტესტსზეც არ არის ლაპარაკი. ეს ხდება მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში.

ჩვენ ყველას, ვისაც კი საჭიროა, ვუკეთებთ ტესტს. ამ ადამიანებს, ჩემ თანამშრომლებს, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს, პირში ახველებენ და არ ეშინიათ, აცადეთ მათ მუშაობა, თუ შეიძლება, ყველას გთხოვთ. ამ ჩემ ახალგაზრდა თანამშრომლებს, რომლებსაც არაფრის ეშინიათ, როდესაც ნიმუშს იღებენ ხახიდან, მათ ამ დროს ავადმყოფები სახეში ახველებენ, ეს ბუნებრივი რეაქციაა. აცადეთ ამ ადამიანებს მუშაობა. ისინი უღებენ ტესტს ყველას, ვისაც საჭიროა, რომ აუღონ და გამოუკვლიონ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

Facebook Comments
%d bloggers like this: