Advertisements
უცხოური მედია

ლონდონში covid-19-ით 36 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც საავადმყოფოში არ გადაიყვანეს 

36 წლის ქალი ლონდონში, საკუთარ სახლში სავარაუდოდ,  Covid-19-ით გარდაიცვალა. წინა დღეს მან 999-ზე დარეკა და დახმარება ითხოვა, თუმცა მას ურჩიეს, სახლში გაეგრძელებინა მკურნალობა,-ამის შესახებ the guardian  იუწყება.

სამი შვილის დედა კაილ უილიამსი რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერად ახველებდა, მაღალი სიცხე ჰქონდა და გულისა და მუცლის არეში ძლიერ ტკივილებს გრძნობდა. მისი მეუღლე ამბობს, რომ კაილს სუნთქვის უკმარისობა და ღებინება დაეწყო, რის გამოც 999-ზე დარეკა და დახმარება ითხოვა. 

სახლში მოსულმა მედიკოსებმა ქალის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადეს იმ მიზეზით, რომ ის „პრიორიტეტული არ იყო“. 

როგორც „გარდიანი“ წერს, ექიმის მიერ შედგენილ ოქმში წერია, რომ ქალს სავარაუდოდ, covid-19 აქვს.

მეუღლე ამბობს, რომ ქალის გარდაცვალების შემდეგ მათთან სპეცტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები 2 მანქანით მივიდნენ, ცხედარი სპეციალურ ქსოვილში გაახვიეს და სახლიდან გაასვენეს, ოჯახის წევრებს კი, იზოლაციაში ყოფნა ურჩიეს.

„არაფერი ვიცი, სად წაიყვანეს, დიაბეტი მაქვს და არავინ მაკითხავს, არ ვიცი, რა გავაკეთო“,-ამბობს ქალის ქმარი გამოცემასთან სატელეფონო საუბრისას. 

სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენელი „გარდიანთან“ ადასტურებს, რომ გარდაცვალებამდე ქალთან ნამდვილად იმყოფებოდა ექიმი, რომელმაც პაციენტს დანიშნულება მისცა და უთხრა, დაერეკა, თუ მდგომარეობა გართულდებოდა.

„ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ჩვენ ძალიან გადატვირთულ რეჟიმში ვმუშაობთ და სამწუხაროდ, არ გვაქვს საშუალება, ყველა პაციენტთან ხშირი კომუნიკაციის“,-აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამსახურში. 

Facebook Comments
Advertisements