“რუსეთისგან მიღებულმა შეტყობინებამ შეაშფოთა აფხაზეთი” – რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ზაქარეიშვილის ინფორმაციით, თუ აფხაზეთში “კოვიდ-19”-ის შემთხვევა დაფიქსირდება, ინფიცირებულის მკურნალობა რეგიონის ტერიტორიაზე უნდა მოხდეს, როგორც ამას რუსეთისგან მიღებული შეტყობინება ითვალისწინებს.

“ვიცი ნაცნობებიდან, მეგობრებიდან, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაინფიცირებული არ ჩანს ვინმე. აფხაზეთმა რუსეთიდან მიიღო ძალიან მკაფიო შეტყობინება, რომ თუ ვინმე დაავადდება, მას მკურნალობა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოუწევს, ანუ რუსეთის ტერიტორიაზე არ გადაიყვანენ. ამ სიახლემ შეაშფოთა აფხაზეთში. დღეს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის ტერიტორიაზე ისე, რომ ჯერ ოფიციალურად აღიარებული არ არის, რომ მათ ჰყავთ ინფიცირებული ადამიანი. გუდაუთის საავადმყოფოს ათავისუფლებენ ახლა და უნდათ, გადააქციონ სარეზერვო საავადმყოფოდ, სადაც შეიძლება მოთავსდნენ ავადმყოფები, ანუ ავადმყოფები რომ ჰყავდეთ, ალბათ, გუდაუთაში გადაიყვანენ. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სოხუმის საავადმყოფო. საგანგებო რეჟიმი გულისხმობს, რომ იკეტება მთელი პერიმეტრი. საქართველოსთან, ენგურთან მათ ჩაკეტეს უკვე 14 მარტიდან. დღეიდან საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი ჩაიკეტება ფსოუზე. მხოლოდ შემოუშვებენ აფხაზეთის მოქალაქეებს. იკრძალება თავშეყრა, დაახლოებით, რუსული სტანდარტებით მუშაობენ”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა “ტვ პირველი” ეთერში ჩართვისას.

შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 550 304 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 24 903 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 128 701 პირი.

Facebook Comments
%d bloggers like this: