ლეილა ქადაგიშვილი- ვენეტოს გუბერნატორს ტირილი აუვარდა, მეც ავტირდი – უახლესი ამბები იტალიიდან

იტალიაში, ყველა სუპერმარკეტში შესასვლელში მოქალაქეებს სიცხეს უზომავენ,-ამის შესახებ ფლორენციაში მცხოვრები ლეილა ქადაგიშვილი „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას ამბობს.

მისი თქმით, თუ ვინმეს ტემპერატურა აღმოაჩნდება, მოდის სპეციალურად აღჭურვილი ჯგუფი და ტესტის გასაკეთებლად მიჰყავთ.

„სუპერმარკეტებში საათიანი რიგებია, რადგან სიცხის გაზომვას დრო მიაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან კარგი საშუალებაა ვირუსის გამოსავლენად, იქნებ საქართველოში გააკეთონ იგივე. ახლა ვიყავი სუპერმარკეტში, უშვებენ მხოლოდ ერთს, უზომავენ სიცხეს, თუ ვინმეს აღმოაჩნდება, მაშინვე ურეკავენ შესაბამის სამსახურს და გადაყავთ ტესტის გასაკეთებლად! გუშინ დავწერე, მეეჭვება მსუბუქ სიმპტომზეც გააკეთონ მეთქი, დღეს გამიბათილდა! ჩემი თვალით ვუყურე როგორ ოპერატიულად იმოქმედეს! უკვე იგრძნობა მობილიზება, პირველად ძალიან დაბნეულები იყვნენ, ამიტომაც გავრცელდა ასე. სტრატეგია შეიმუშავეს და წინ აღარ მიდის დაავადება, უკანაც არ იხევს ძალიან, მაგრამ მე მგონი იმ კვირიდან უკვე საგრძნობი კლება დაიწყება.

სამწუხაროდ, ახალგაზრდებს აქცევენ უფრო დიდ ყურადღებას, მოხუცებს ალბათ უთიშავენ კიდეც სასუნთქ აპარატს, აბა რა ქნან? ეს გააჟღერეს კიდეც, ასე პირდაპირ არა, მაგრამ მიხვდებოდი, რომ ასე აკეთებენ, ვერ აუდიან. პირველად მოხუცები იხოცებოდნენ, ან გვერდითი პათოლოგიები ვისაც ჰქონდა, ახლა ახალგაზრდებიც. ამბობენ, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა.

ხალხი ძალიან შეშინებულია, უკვე თითქმის აღარავინ მღერის აივნებიდან. გუშინ პარლამეტის სხდომა იყო და ვენეტოს გუბერნატორს ტირილი აუვარდა ლაპარაკისას, ისე შემეცოდა, მეც ტირილი დავიწყე.

კუბელ და რუს ექიმებს ტაშს უკრავენ, ტყუილია მანდ რომ წერენ, თითქოს უვარგისი აპარატურა ჩამოიტანეს, იტალიური გამოცემა ქონდათ მოყვანილი წყაროდ, სპეციალურად შევედი, მაგრამ მსგავსი არაფერი წერი იქ. პირიქით, რამდენიმე დღეში უკვე შედეგი დაიდო, გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაზრდილია.

ხვალიდან, იტალიის ტერიტორიაზე მუშაობას იწყებს კრიზის ცენტრი, სადაც მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა და ყველა ემიგრანტის დახმარება მოხდება ადგილზევე, ეს იქნება საკვებით დახმარება, საცხოვრებელი თუ სამართლებრივი და სამედიცინო საკითხები“,-ამბობს ლეილა ქადაგიშვილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: