დონალდ ტრამპი General Motors-ს სასუნთქი აპარატების წარმოებას აიძულებს

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც კომპანია General Motors-ი ვალდებულია დაიწყოს ხელოვნური სასუნთქი აპარატების წარმოება. ამის შესახებ AP იუწყება.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ტრამპმა კომპანიას აპარატების წარმოება თავდაცვის წარმოების შესახებ კანონის ფარგლებში აიძულა. კანონი 1951 წელს არის მიღებული და გულისხმობს მთავრობის უფლებების გაზრდას კერძო სექტორზე და საჭიროების შემთხვევაში, მათ იძულებას ეროვნული თავდაცვისთვის აუცილებელი ნივთების დასამზადებლად.  

მანამდე ტრამპმა ამერიკული საავტომობილი კორპორაცია General Motors გააკრიტიკა და ბრალი დასდო, რომ არ ასრულებს დაპირებას აპარატების წარმოებასთან დაკავშირებით. 

„როგორც ყოველთვის, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ „ჯენერალ მოტორსთან“არაფერი გამოდის, ისინი დაგვპირდნენ, რომ ძალიან სწრაფად დაგვიმზადებდნენ 40 ათას აპარატს, ახლა ამბობენ, რომ მხოლოდ 6-ს და თანაც აპრილის ბოლოს. თანაც, ძალიან ძვირს ითხოვენ“,-დაწერა პრეზიდენტმა ტვიტერზე. 

ტრამპმა კომპანიას მოუწოდა, „სასწრაფოდ გააღოს თავიანთი სისულელით დაკეტილი ქარხანა“ ოჰაიოში ან სხვაგან და დაიწყოს სასუნთქი აპარატების წარმოება. პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა კომპანია „ფორდს“ დააჩქაროს ამ მიმართულებით მუშაობა. „ფორდ, სწრაფად უნდა დაიწყო აპარატების წარმოება“,-აღნიშნა მან.

AP-ს ცნობით, აშშ-ს საავადმყოფოებში დაახლოებით 65 ათასი სასუნთქი აპარატია, რომლებიც მძიმე ავადმყოფებს შეიძლება დასჭირდეთ. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საზოგადოების პროგნოზით, აშშ-ში აღნიშნული აპარატი შესაძლოა, 960 ათასი ინფიცირებულისთვის გახდეს აუცილებელი.

Facebook Comments
%d bloggers like this: