გიორგი გახარია – დამოკიდებულება, რომელსაც დღეს საქართველოს ქალაქებში ვხედავთ, უბრალოდ მიუღებელია, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ვერ ათვითცნობიერებს პრობლემის სიმძიმეს

ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც არის გლობალური, შეგვიძლია, გავიმარჯვოთ არა მხოლოდ მედიკოსების გმირული, ყოველდღიური 24 საათიანი შრომით; სახელმწიფო უწყებების, პოლიციის შრომით, არამედ ერთგვარი შეთანხმებით საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან, რომ ეს არის ერთობლივი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ყველა მოქალაქეს ბოლომდე არ აქვს გათვითცნობიერებული მდგომარეობის სიმძიმე და რისკები.

„ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული პროცესები და რეგიონებში რამდენიმე ვიზიტი ცხადყოფს, რომ სამწუხაროდ, ყველა ჩვენს მოქალაქეს ბოლომდე გათვითცნობიერებული არ აქვს სიმძიმე მდგომარეობისა და ის რისკები, რაც შეიძლება, არსებობდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე, ვინც გადაადგილდება თბილისის ან რომელიმე სხვა ქალაქის ქუჩებში; თითოეული მოქალაქის წინაშე, რომელიც აკეთებს ყოველდღიურ საქმიანობას და ვერც წარმოუდგენია, რამდენად მაღალი რისკის შემცველი შეიძლება, იყოს მისი ყოველდღიური ცხოვრების წესის გაგრძელება ისე, როგორც ეს იყო ადრე“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ამის მიუხედავად ყველაფერი კეთდება, რომ გამკაცრების ღონისძიებებით რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკას.

„ამის მიუხედავად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ღონისძიებები გამკაცრების, შევეცადოთ, ამ ღონისძიებებით მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, რადგან გვესმის, რომ ამ გამოწვევასაც გავუძლებთ, აქედანაც გამარჯვებული გამოვალთ, ჩვენი ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ.

დამოკიდებულება, რომელსაც დღეს საქართველოს ქალაქებში ვხედავთ, არის უბრალოდ მიუღებელი. ვხედავთ, რომ მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ვერ ათვითცნობიერებს პრობლემის სიმძიმეს“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ კორონავისუთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანაში არსებულ ციფრებზეც ისაუბრა.

„მინდა, რამდენიმე ციფრი მოგახსენოთ, რომელიც ეხება ჩვენს მეგობარ ქვეყნებს. მაგალითად, ბოლო თვეების განმავლობაში იტალიაში გარდაცვლილი 10 779 ადამიანზე მეტი, ესპანეთში – 6 803 ადამიანი, საფრანგეთში – 2 606 ადამიანი, დიდ ბრიტანეთში – 1228 ადამიანი, ნიდერლანდებში – 776, გერმანიაში – 541 ადამიანი.

რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ვუსამძიმრებთ, ამ გლობალურ ბრძოლაში ვართ მათთან ერთად და ჩვენი ვალდებულებაა, რომ საქართველოში, სანამ ჯერ კიდევ ვაკონტროლებთ სიტუაციას, სანამ ჩვენი ყოველდღიური და პრევენციული ნაბიჯები იმის საშუალებას გვაძლევს, რომ შედარებით, ასე თუ ისე ნორმალურად ვუმკლავდებით გამოწვევებს, ამან არ მოგვცეს მოდუნების საფუძველი. ჩვენ მდგომარეობის სიმძიმეს უნდა ვიაზრებდეთ, რომელსაც ევროპის ქვეყნებში ყოველდღიურად ვხედავთ, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეს ის ქვეყნებია, რომლებიც სამწუხაროდ, საქართველოზე ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერია; ეს ის ქვეყნებია, რომელთა თუნდაც ჯანდაცვის ინსტიტუტები ბევრად უფრო ძლიერია“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მოცემულ სიტუაციაში ერთადერთი ინსტრუმენტი არის სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები.

„ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი – ვიყოთ ეფექტიანები და წარმატებულები ამ ვირუსთან ბრძოლაში, არის სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები. არც ერთ შემთხვევაში იმის უფლება არ გვაქვს, დავიგვიანოთ“, – აღნიშნა პრემიერმა

Facebook Comments
%d bloggers like this: