საქართველოს ეკონომიკა კორონავირუსამდე და დღეს

საქართველოში კორონავირუსმა თებერვლის ბოლოს შემოაღწია, თუმცა განსაკუთრებული შეზღუდვები და საგანგებო მდგომარეობა მარტიდან ამოქმედდა. შესაბამისად, ვირუსმაც მარტიდან მოახდინა ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა.  ოფიციალური სტატისტიკის გამოქვეყნებამდე გადავხედოთ, თუ რა ხდებოდა 2019 წლის მარტში.

2019 წლის მარტში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.2%-ით, $35 მლნ-ით $335 მლნ-მდე გაიზარდა. იმავე პერიოდში იმპორტი მკვეთრად 11.3%-ით, $96 მლნ-ით $756 მლნ-მდე შემცირდა. შესაბამისად 2019 წლის მარტში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $131 მლნ-ით შემცირდა.

მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ექსპორტი 4.5%-ით, ხოლო იმპორტი 6.7%-ით გაიზარდა. მარტის მონაცემები ჩაშლილად აპრილის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება. მაღალი ალბათობით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა შემცირებული იქნება. მართალია, აკრძალვები ტვირთებს არ შეხებია, მაგრამ ბევრმა საწარმომ, როგორც საქართველოში, ასევე ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მუშაობა შეაჩერა, რაც სტატისტიკაზეც აისახება.

2019 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $3.2 მლრდ-ს გადააჭარბა, რაც თითქმის ექპორტის ტოლია. წლის განმავლობაში საქართველოს სულ 9.36 მლნ საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, მათგან 7.73 მლნ ვიზიტორი იყო. რაც შეეხება კონკრეტულად მარტს. მარტში ქვეყნის საზღვარი 619 ათასმა საერთაშორისო მოგზაურმა გადმოკვეთა, საიდანაც 507 ათასი ვიზიტორი იყო. 10%-იანი ზრდის ტემპი მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალშიც შენარჩუნდა, თუმცა რადიკალურად განსხვავებული იქნება მარტის სურათი. საქართველომ სპეცრეისების გარდა ცა 18 მარტიდან ჩაკეტა. ასევე დაკეტა ზამთრის კურორტები. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვარიც ჩაიკეტა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც საგადამხდელო ბალანსს ავსებს, ფულადი გზავნილებია. 2019 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან $1.73 მლრდ გადმოირიცხა – $150 მლნ-ით მეტი, ვიდრე 2018 წელს. მცირედით, $8 მლნ-ით $237 მლნ-მდე გაიზარდა საქართველოდან გადარიცხვები, რასაც საერთო სურათზე გავლენა არ მოუხდენია. მარტში გზავნილების მოცულობამ $132 მლნ შეადგინა. გზავნილების მოცულობა 2020 წლის პირველ 2 თვეში 9%-ით, $22 მლნ-ით, $262 მლნ-მდე გაიზარდა. რუსეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-სა და საბერძნეთში შექმნილი პრობლემების გამო მოსალოდენელია ამ თანხის კლებაც, თუმცა უფრო ნაკლები პროცენტით, ვიდრე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. თურქეთიდან გზავნილების წილი მცირეა, იტალიასთან შედარებით 3-ჯერ ნაკლები, მაგრამ იტალიისა და საბერძნეთისგან განსხავებით თურქეთში ადამიანები, ძირითადად დასავლეთ საქართველოდან, სამუშაოდ რამდენიმე თვით გადადიან და იქ მოგროვილი თანხა ქვეყანაში ქეშად შემოაქვთ.

ეკონომიკური ზრდის კიდევ ერთი განმსზაღვრელი ფაქტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. მისი სტატისტიკა არა ყოველთვიურად, არამედ ყოველკვარტალურად იწარმოება. 2019 წელს ჯამში საქართველოში $1.27 მლრდ-ის ინვესტიცია განხორციელდა, კონკრეტულად პირველ კვარტალში $284 მლნ. 2020 წლის პირველი კვარტალის შედეგი მაისში გახდება ცნობილი.

ყველაფერს საბოლოოდ ეკონომიკური ზრდის ტემპამდე მივყავართ. ექსპორტი და ინვესტიციები, მშპ-ს კომპონენტებია. ფულადი გზავნილები გავლენას მოხმარებაზე ახდებს, რაც თავის მხრივ ასევე არის მშპ-ს კიდევ ერთი კომპონენტი. 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპი 4.7% იყო პირველ კვარტალში, მარტში კი – 6%. 2020 წლის იანვარში 5.1%-იანი ზრდა შენარჩუნდა. მარტში ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაიკლებს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის რეცესია. რცესიაა, როდესაც ზედიზედ 2 კვარტალი ზრდის ტემპი უარყოფითია. ბოლოს მსგავსი ფაქტი საქართველოში 2008-2009 წლებში დაფიქსირდა. 2008 წლის მეორე კვარტალიდან დაწყებული 2009 წლის მესამე კვარტალის ჩათვლით ეკონომიკა მცირდებოდა, თუმცა 2008 წლის პირველი 2 კვარტალის მაღალი ზრდის გამო მთლიანი წელი 2.6%-იანი მატებით დასრულდა, 2009 წელს კი ეკონომიკა 3.7%-ით შემცირდა.

2020 წელს რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდება და ის 5%-ზე ნაკლები იქნება, უკვე გარდაუვალი ფაქტია, თუმცა რა მოცულობის იქნება ეს კლება და გავა თუ არა 11 წლის შემდეგ ეკონომიკა ისევ მინუსში ეს კორონავირუსის გავრცელების ხანგრძლივობასა და მასშტაბებზე, საერთაშორისო დახმარებასა და ანტიკრიზისულ გეგმაზეა დამოკიდებული.

Facebook Comments
%d bloggers like this: