საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 97 დადასტურებული შემთხვევიდან 47 მათ ცენტრშია დაფიქსირებული.

მისივე თქმით, ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია.

„ამ 97 დადასტურებული შემთხვევიდან 47 იმყოფება ჩვენთან. როგორც იცით, გუშინ ერთი შემოგვემატა, წყარო არის ინგლისი, დანარჩენი ექვსი დამატებული პაციენტების წყარო ცნობილია. ესენი არიან ორი ბოლო შემთხვევის კონტაქტები. ოთხი გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული და ორი საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 97 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 18 გამოჯანმრთელებულია.

საკარანტინო რეჟიმში 4876 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: