თუ მართლაც არსებობს თანხა, რომელიც მავანმა თვითმფრინავების დასაქირავებლად შეაგროვა, მინდა მოვუწოდო მას თუ მათ, მთლიანად ჩარიცხონ ფონდში, ისე, რომ თეთრიც არ დაიტოვონ

„ყველას ძალიან ბევრი საქმე გვაქვს იმისთვის, რომ პოლიტიკურ ოპონირებაზე დრო დავკარგოთ, მითუმეტეს როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი რეალურად სანთლით ეძებენ საკითხებს, თუ რა უსაყვედურონ ხელისუფლებას, რადგან პოლიტიკურ სცენაზე თითქმის უკვე აღარ თუ ვეღარ ჩანან“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბეში“.

მისი თქმით, ახლა კეკლუცობის და იაფფასიანი სპეკულაციების დრო არ არის, რასაც ოპოზიცია მიჩვეულია.

„თუკი ეს არ არის ტყუილი და მართლაც არსებობს რაიმე თანხა, რომელიც მავანმა შეაგროვა თუ მოაგროვა, თუ დონორებისგან მიიღო იმისთვის, რომ თვითმფრინავები იქირაოს, მე მინდა მას თუ მათ მოვუწოდო, რომ ეს თანხა, ოღონდ ისე, რომ თეთრიც კი არ დაიტოვონ თავისთვის, მთლიანად ჩარიცხონ იმ ფონდში, რომელიც საქართველოშია შექმნილი. ამ ფონდში 82-მა პირმა 20 მილიონამდე ლარი უკვე ჩარიცხა, ფონდი იმართება გაჭვირვალედ და ეს 82 პირი ენდობა ხელისუფლებას, რომელმაც უკეთ იცის, როგორ მართოს ეს თანხა კორონასთან ეფექტური ბრძოლის მიზნებისთვის. ახლა დროა იმისა, რომ ყველა დასერიოზულდეს და თუ ვერ სერიოზულდება აიღონ ეს ფული, თუკი ის მართლა არსებობს და ჩარიცხონ ფონდში. ეს რაელურად დაეხმარება პრევენციას და იმ ადამიანებს, ვინც დაავადებულია, ან სურს საქართველოში ჩამოსვლა, რადგან იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება, ვირუსი მძვინვარებს“ – განაცხადა თეა წულუკიანმა. თეა წულუკიანის თქმით, ღია კარის მტვრევაა ხელისუფლებისთვის მოწოდებები, თითქოს ნაშოვნი ფულით უცხოეთიდან თანამემამულეებს ჩამოიყვანენ.

„ხელისუფლება, საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც პროცესის ფლაგმანი, ყველაფერს აკეთებს, ყოველ დილით პრემიერ-მინისტრი საკითხების ნუსხაში სწორედ ჩვენს თანამემამულეების საკითხს გადის. დღეს მაგალიტად, ჩვენს არასრულწლოვან თანამემამულეებზე იყო პრემიერი შეწუხებული და ზრუნავს იმაზე, რომ უცხოეთში მყოფი ამგვარი პირები პირველ რიგში დაბრუნდნენ“ – განაცხადა წულუკიანმა. მისი თქმით, თუ ადამიანი პოლიტიკური სპეკულირებით არ ხარ დაკავებული, რაიმე მოწოდების ადგილი, არ არსებობს. „ჩვენ ვნახეთ ხელისუფლების ძალისხმევით ქვეყანაში დაბრუნებული ასეულობით საქართველოს მოქალაქე. მიმდინარეობს მათი ეფექტურად მართვა კარანტინებისა თუ მკურნალობის რეჟიმში“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Facebook Comments
%d bloggers like this: