წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალის დროს, აღდგომის ტაძარში სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის მხოლოდ 12-მდე წარმომადგენელი დაიშვება

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იერუსალიმში აღდგომის კვირაში ღვთისმსახურების ცერემონიები შეზღუდვებით წარიმართება.

აღდგომის კვირა კათოლიკური ეკლესიისთვის წელს 5 აპრილიდან, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, ასევე სომხური, კოპტური, სირიული კოპტური და ეთიოპიური ეკლესიებისთვის კი, 12 აპრილიდან იწყება.

უცხოური მედია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დროისთვის ჯერ ზუსტად გაწერილი არ არის მექანიზმები, თუ როგორ წარიმართება ცერემონიები თუმცა, უკვე ცნობილია, რომ 18 აპრილს, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალის დროს, აღდგომის ტაძარში სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის მხოლოდ 10-დან 12-მდე წარმომადგენელი დაიშვება, რომლებიც შემდეგ წმინდა ცეცხლს პოლიციის ესკორტის თანხლებით, ბენ-გურიონის აეროპორტში გადაიტანენ.

აღსანიშნავია, რომ ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს არ ექნებათ თვითმფრინავის დატოვების უფლება. მათ ცეცხლს თვითმფრინავში მიაწვდიან.

ცნობილია, რომ ამ დროისთვის ისრაელში წმინდა ცეცხლის წასაღებად დანიშნულია რეისები რუსეთიდან, უკრაინიდან და საბერძნეთიდან.

აღსანიშნავია, რომ წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

რაც შეეხება ბზობის დღესასწაულზე მსვლელობას, ზეთისხილის მთიდან აღდგომის ტაძრამდე, რომელშიც ყოველწლიურად 25 ათასამდე ადამიანი იღებს მონაწილეობას, წელს არ გაიმართება.

ტრადიციულად, აღდგომის კვირაში, ათასობით ეგვიპტელი კოპტი მათ პატრიარქს იერუსალიმში მიაცილებს, თუმცა წელს ეგვიპტიდან ფრენები არ განხორციელდება.

მომლოცველებისთვის ტაძრის მთა დახურა იორდანიის ვაკუფმა. რაც შეეხება დასავლეთის კედელს, ის ვერ დაიხურება, თუმცა მასთან მისვლას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, რომლებიც კედლიდან 100 მეტრის რადიუსში ცხოვრობენ და ერთმანეთისგან 2 მეტრის მანძილზე, სოციალურ დისტანციას დაიცავენ.

ტაძრის მთის კომპლექსი სავარაუდოდ დახურული იქნება 23 აპრილსაც, როდესაც რამადანი იწყება.

Facebook Comments
%d bloggers like this: