კორონავირუსის პრობლემა ზაფხულამდე ამოიწურება-ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არის ოპტიმიზმის საფუძველი, რომ კორონავირუსის პრობლემა ზაფხულამდე ამოიწურება, ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს მიიღებენ, საპარლამენტო არჩევნები კი, სტანდარტულ ვადაში, 31 ოქტომბერს ჩატარდება.

“ჩვენ ოპოზიციასთან გვქონდა კონსულტაცია და შევჯერდით ყველაზე მჭიდრო ვადებზე, რა ვადებშიც არის შესაძლებელი კონსტიტუციური კანონის მიღება. ეს არის დაახლოებით 2 კვირიანი ვადა, როგორც კი ამოიწურება საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მალე დასრულდება შესაბამისი მოცემულობა, შესაბამისად გვექნება იმის საშუალება, რომ ოპოზიციასთან ერთად კენჭი ვუყაროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სტანდარტულ ვადებში ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები. ეს ყველაფერი მთლიანობაში მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, დამოკიდებულია იმაზე, როგორ იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ტენდენციები მსოფლიო მასშტაბით და შესაბამისად საქართველოში, თუმცა, არის ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ყველაფერი სათანადო დროში ჩაეტევა, შესაბამისად ჩვენ შევძლებთ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ზაფხულისთვის, იმედია, უფრო ადრეც შევძლებთ და 31 ოტომბერს, როგორც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

იმ შემთხვევაში თუ, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება, ირაკლი კობახიძის განმარტებით, კონსტიტუციაში მითითებულია, რომ არჩევნები ტარდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არაუადრეს 45 და არაუგვიანეს 60 დღისა.

“ეს არის თეორიული ვერსია, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრობლემა უფრო ადრე ამოიწურება და ჩვენ შევძლებთ არჩევნების ჩატარდებას სტანდარტულ ვადაში, ანუ 31 ოქტომბერს”, – აცხადებს ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ახალ საარჩევნო მოდელზე ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა შეთანხმებას მიაღწია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება. ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს მაჟორიტარები მხარს დაუჭერენ. 

Facebook Comments
%d bloggers like this: