ვაჟა გაფრინდაშვილი – სახელწიფო აკეთებს მაქსიმუმს, რისი საშუალებაც აქვს, მაგრამ აქ ჩვენი საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაც დაგვჭირდება

მთავარია, დავუჯეროთ იმ პოსტულატს, რაც ამ დაავადებას წინააღმდეგ არის- იყავით სახლში, მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია სხვა მოქალაქეებისგან, რათა რაც შეიძლება, მალე გავწყვიტოთ დაავადების გადადების ჯაჭვი,-ამის შესახებ ექიმმა ტრავმატოლოგმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ტვ-პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის გამო, ახლა ძირითადად ონლაინ კონსულტაციებს ატარებს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იღებს ავადმყოფებს საავადმყოფოში. 

„კლინიკაში მოსვლა, ნებისმიერი გადაადგილება რისკის შემცველია, რადგან შეკავების პერიოდმა გაიარა და ახლა ნებისმიერ ჩვენთაგანს შეიძლება ჰქონდეს ეს ვირუსი და გადადება ბევრად უფრო ადვილია. სამწუხაროდ ახლა სუსტი რგოლი მოსახლეობაა, რომელიც არღვევს წესებს, კომენდანტის საათს და საკმაოდ დიდი ჯარიმებიც კი არ აკავებს. დარწმუნებული ვარ, ამ თანხის გადამხდელი 80% ვერ იქნება და მე არ ვიცი, როგორ მოხდება ამ თანხის ამოღება“,-განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

მისივე თქმით ასეთი მკაცრი ჯარიმები საჭიროა, რადგან სხვა შემთხვევაში, მოსახლეობის ნაწილი წესებს არ დაიცავს.

„შესაძლოა, ალტერნატიული შეთავაზებაც იქნას გამოყენებული- საზოგადოებრივი შრომით ჩანაცვლება ან სხვა რამ. რაც შეეხება ექიმებს, მათთვის მთავარი გამოწვევაა ის, რაც ბათუმის საავადმყოფოში მოხდა, სადაც ერთ-ერთი მედმუშაკი დაავადდა კორონავირუსით, რამაც სამედიცინო სტაფის კარანტინში გადასვლა გამოიწვია. ჩვენი ხელისუფლების მიზანია, რომ არ მოხდეს დიდი ოდენობით ავადმყოფების მიმართვა კლინიკებისადმი. სწორედ ავადმყოფების მცირე რაოდენობაა მიზეზი, რომ დღეს საქართველოში არ გვაქვს ლეტალური შედეგები. ამიტომ, შევუწყოთ ხელი ჩვენს ინფექციონისტებს, რომ შეასრულონ თავიანთი სამსახური ნორმალურ პირობებში, თუ არ დავიცავთ კარანტინის წესებს, თუ არ გავწყვიტავთ დაავადების ჯაჭვს, ალბათ ჩვენთანაც იგივე მოხდება, რაც იტალიაში“,-აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილი. 

მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე, გამომდინარე რუსეთის პოლიტიკიდან, შესაძლოა, მოსახლეობა არ არის ინფორმირებული, თუ რა საშიშროების წინაშე დგანან. 

„ვიცი და გამოცდილი მაქვს, რომ სამედიცინო უზრუნველყოფა ძალიან დაბალ დონეზეა, ღმერთმა დაიფაროს, თუ იქ მოხდა კორონავირუსის აფეთქება, ალბათ, დიდ ნაწილს ჩვენს მხარეს დასჭირდება მკურნალობა. სამწუხაროდ, ეს იქნება ამ ხალხთან პირდაპირი ურთიერთობის დამყარება. ამის აფიშირება არ არის აუცილებელი, მაგრამ მათი მკურნალობა ისე უნდა ჩატარდეს, როგორც სხვა მოქალაქეების“,-განაცხადა მან.

„სახელწიფო აკეთებს მაქსიმუმს, რისი საშუალებაც აქვს, მაგრამ აქ ჩვენი საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულება დაგვჭირდება. რა თქმა უნდა, ბიზნესის განვითარებისთვის კარგია საგადასახადოების შეჩერება, გადავადება, მაგრამ ახლა სახელმწიფოს სჭირდება თანხა, რათა გააკეთოს ორგანიზება ამ დაავადებასთან ბრძოლაში, კორონავირუსის ფონდში ჩარიცხული თანხა არის ქვეყნის და თითოეული გაჭირვებული მოქალაქისთვის გადახდილი თანხა. შესაძლოა, ეს სხვა ფორმითაც მოხდეს, მაგალითად ჩვენ, ვისაც გვერიცხება ხელფასები, მივცეთ ვალი ჩვენს სახელმწიფოს, 6 ან 1 წლით, მერე კი, სახელწიფომ ეს ჩაგვითვალოს და აღარ გადაგვახდევინოს საშემოასავლო გადასახადი, ამას ალბათ უკეთესად ეკონომისტები დაალაგებენ“,-განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.  

Facebook Comments
%d bloggers like this: