საქართველოში შეკერილი პირბადეები აფთიაქებში სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან გაიყიდება

მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენი პროგრამის ფარგლებში შეკერილი პირბადეები აფთიაქებში მომდევნო კვირაში გამოჩნდეს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„ორი კვირის წინ დავიწყეთ პირბადეების ადგილობრივი წარმოების პროგრამა, რომელშიც არის რამდენიმე მსხვილი და ასევე წვრილი სამკერვალო წარმოება ჩართული, ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად ავაწყვეთ ნედლეულის მოწოდება, რაც მარტივი არ არის. მაქსიმალურად ვეცდებით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე შემდეგი კვირიდან ეს პირბადეები გამოჩნდეს სააფთიაქო ქსელებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ფასი იქნება ხელმისაწვდომი.

„რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდას ვფიქრობთ, მაგრამ მაინც ეს დამოკიდებულია ნედლეულის მოწოდებაზე. პირველ ეტაპზე შეიძლება მოთხოვნები ვერ დავაკმაყოფილოთ, თუმცა ამუშავდა სხვა საწარმოებიც და პირბადეები იკერება არამარტო ჩვენი პროგრამის ფარგლებში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს დეფიციტი დავამარცხოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Facebook Comments
%d bloggers like this: