ზურაბ გურული – საქართველოში არაფერი განსაკუთრებული არ გაკეთებულა, ქართველი ექიმები არაფრით აღემატებიან იტალიელ და ამერიკელ ექიმებს

საქართველოში არაფერი განსაკუთრებული არ გაკეთებულა, ქართველი ექიმები არაფრით აღემატებიან იტალიელ, ამერიკელ და ნიუ-იორკელ ექიმებს,-ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრებმა ანესთეზიოლოგმა, ზურაბ გურულმა ტვ-პირველის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

ექიმი, რომელმაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისას ქართულ ჯანდაცვას უვარგისი და ჩამორჩენილი უწოდა, ამბობდა, რომ არ არიან ქართული კლინიკები და პერსონალი მზად დავირუსებულთა ადექვატური მართვისათვის. მისი რეკომენდაციით, საქართველოში უკაცრიელ ტერიტორიაზე უნდა გაემზადებინათ სამხედრო-საველე ტიპის კლინიკა და საკარანტინო კარვები, სადაც პაციენტებისთვის  პოლიციელები უნდა დაეყენებინათ მცველებად. 

დღეს ზურაბ გურულის ტონი შედარებით შერბილებულია, თუმცა საქართველოში ეპიდემიის სწორ მართვას ის ტერიტორიის სიმცირეს და ვირუსის შერბილებულ მიმდინარეობას უკავშირებს.

„მავანნი ალბათ ფიქრობენ, რომ თავს ვიკავებ, აღვნიშნო ქართველი ექიმების დამსახურება, ან სწორად გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც იგივე საქართველოს მთავრობამ განახორციელა. მე ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი მოხდა ზომიერად და საქართველოში არაფერი განსაკუთრებული არ გაკეთებულა. ქართველი ექიმები შესანიშნავი საერთაშორისო კლასის პროფესიონალები არიან, მაგრამ არაფრით აღემატებიან არც იტალიელებს, არც ამერიკელებს, არც ნიუ-იორკელებს. ამიტომ ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი.

რაც შეეხება ლოგისტიკასთან დაკავშირებით საუბარს, საქართველოს აქვს უპირატესობა იმით, რომ პატარა ქვეყანა ვართ და ამ მცირეროცხოვნობას აქვს დიდი უპირატესოაბა, მაგალითად, სწრაფად შეიძლება რომელიმე რეგიონის ჩაკეტვა, საზღვრების კონტროლი და მონდომების პირობებში, სხვა ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების ჩატარება. მოდით ასე ვთქვათ, ჩვენ მეტ-ნაკლები წარმატებით ვიყენებთ ამ ხერხებსაც. მოდით აღვნიშნოთ ასეთი რამ, რომ არც იტალიელები იყვნენ სულელები, არც ფრანგები და არც ნიუ-იორკში არიან იდიოტები. მაგრამ იქ გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო, რომელიც დადგენილი იქნება, ვირუსმა სასტიკი მიმდინარეობა მიიღო.“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: