კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი, რომელიც სამეგრელოში იმყოფებოდა, მიმართვას ავრცელებს

მე ვარ ის სპორტსმენი, რომელიც სამეგრელოში იმყოფებოდა. ჩემზე გავრცელებული უამრავი ჭორის გამო, გადავწყვიტე ეს ვიდეო ჩამეწერა,-ამ სიტყვებით იწყებს თავის მიმართვას ქართველი სპორტსმენი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა და რომლის გამოც სამეგრელოში რამდენიმე ოჯახი კარანტინშია გადაყვანილი.

სპორტსმენი ბოდიშ უხდის ყველას, ვინსაც მის გამო პრობლემები აქვს და ამბობს, რომ ეს ადამიანები დღეს საზოგადოების  ნაწილის მხრიდან ფსიქოლოგიურ წნევს განიცდიან.

„მინდა, გულწრფელი ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს გამო კარანტინში იმყოფებიან. ვიცი, დამნაშავე ვარ და ჩემს დანაშაულს არ აქვს გამართლება. 

მაგრამ მე ეს შეგნებულად არ გამიკეთებია, მე არანაირი სიმპტომები არ გამაჩნდა, ვიყავი სრულიად ჯანმრთელი და თავს შესანიშნავად ვგრძნობდი.

28 მარტს საქმეზე წავედი ზუგდიდში, ვინახულე ჩემი მეგობარი, მის ოჯახში 1 საათი დავყავი, შემდეგ წავედი სოფელ ლიაში, გავატარე 1 ღამე, მერე წავედი წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში, ბებიაჩემის საფლავზე, სადაც ვნახე ერთი ოჯახი.

ცრუ ინფორმაციაა, რომ მე რუსეთის მოქალაქე ვარ, გადმოვედი აფხაზეთიდან, ვიმყოფებოდი ეკლესიაზე წირვაზე, მოვიარე მთელი სამეგრელო და მქონდა 150 კაცთან კონტაქტი. ეს არის სრული სიცრუე, მე უშუალო კონტაქტი მქონდა მაქსიმუმ 16 ადამიანთან, აქედან 4 ადამიანთან – მჭიდრო კონტაქტი. ერთთან ვცხოვრობდი ერთ სახლში, ერთი ბოთლიდან ვსვამდით და ერთი ჭიქიდან. 

ეს ადამიანები ყველა კარანტინში მოექცნენ, 4 კი, შეამოწმეს ვირუსზე. ეს იყო კონტაქტიდან მე-9 დღე, საბედნიეეროდ, COVID 19 არცერთს არ დაუდასტურდა. 

ყველაზე ცუდი რაც მოხდა, გასაჯაროვდა ჩემი და ჩემი ყველა კონტაქტის გვარები და მისამართები, ეს ადამიანები ხალხმა ანათემას გადასცა. ისედაც ცუდ დღეში ჩავარდნილ ხალხს კიდევ უფრო დაუმძიმეს სიტუაცია. 

ხალხნო, ამისთვის არსებობს შესაბამისი ორგანოები. მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები. დღეს ეს ადამიანები არიან ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ, ყველამ იცის მათი მისამართი, ურეკავს უამრავი ხალხი და 1 წლის კონტაქტებზეც ესაუბრებიან. ასეთი რამე არ შეიძლება, შესაძლოა, ხვალ თქვენ აღმოჩნდეთ მათ ადგილას, ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ ეს შესაძლებელია. 

მე მინდა მადლობა მოვუხადო მედპერსონალს, ყველა პოლიციელს და იმ პირს, ვინც ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნავს. უფალი გვფარავდეს, ყველაფერი კარგად იქნება“,-ამბობს სპორტსმენი.  

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: