როდესაც სიკვდილის წინაშე დგახარ, შენ მიდიხარ არა ჭიაბერაშვილთან, არამედ ეზუგბაიასთან

 დღევანდელმა სიტუაციამ ამოაყირავა მთელი ბოლო 30 წელი და მოხდა ის, რომ წავიდა დრო ღირებულებების მანიპულირების,-ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა გადაცემაში „პოსტივი ანალიტიკა“ ისაუბრა. 

მისი თქმით, 30 წელი საქართველოში გველაპარაკებოდნენ პროფესიონალების ღირებულებებზე ადამიანები, რომლებიც თავად არაფრის პროფესიონალები არ იყვნენ. მაგრამ როცა დადგა რეალური განსაცდელი, დავინახეთ, რომ ყველაზე მთავარია რეალური ცოდნა და ეს ცოდნა საბჭოთა ეპიდემიოლოგიაა, რომელიც გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე დასავლური.

„ჩვენ ვერ გავიგეთ, რა არის ჩვენი წარსული, რა იყო პირველხარისხოვანი და რა იყო მეორე ხარისხოვანი. ახლა კი, არათუ გავიგეთ, არამედ დავინახეთ. სანამ არ მოდის მომაკვდინებელი განსაცდელი, ყველაფრის ლაპარაკი შეგიძლია, მაგრამ როდესაც სიკვდილის წინაშე დგახარ, შენ მიდიხარ არა ჭიაბერაშვილთან, არამედ ეზუგბაიასთან“,-განაცხადა მან.

შათირიშვილის თქმით, დღეს რომ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა ყოფილიყო, პაციენტებთან დამოკიდებულება და მკურნალობა იქნებოდა დარვინის ბუნებრივი გადარჩევის პრინციპით.

მისივე თქმით, დღეს იმ ექიმებს, რომლებიც საქართველოსთვის უდიდეს საქმეს აკეთებენ, ნაციონალური მოძრაობა და ფსევდოლიბერალები უცნაური წესით ებრძვიან. 

„მათთვის გამყრელიძე-ცერცვაძე-ეზუგბაია სამთავიანი გველეშაპია. ისინი, ვინც უნდა ჩაერეცხათ, საზოგადოებას მხსნელებად მოევლინენ და კრიზისის დალაგებას შეუდგნენ, ხელისუფლების ახალგაზრდა მენეჯმენტი კი, მათ უსმენს და მათ მითითებებს ასრულებს. ნაციონალურმა მოძრაობამ ჩარეცხა მამები და დაღუპა შვილები, ახლა კი, ორივე თაობა ერთად დგას და მამებიდან ხდება შვილებზე პოზიტიური ცოდნის გადაცემა“,-განაცხადა შათირიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება და გუშინდელი დღე გახდება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ვირუსი.

„როდესაც ყოველდღიურობა დაბრუნდება, როგორც კამიუს „შავ ჭირშია“, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ვირუსი, ოღონდ მე ამ ვირუსს არ ვგულისხმობ, მე ვგულისხმობ სულიერ ვირუსს, რომელსაც უნდა, რომ ყველაფერი ააშენოს ქვიშაზე დიდი წარსულის გარეშე“,-განაცხადა მან.  

Facebook Comments
%d bloggers like this: