ბრიტანეთმა 3,5 მილიონი სწრაფი ტესტი შეიძინა, რომელიც უვარგისი აღმოჩნდა

ბრიტანეთის მთავრობის ჯანდაცვის მრჩეველმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უნდა დაიწყოს კორონავირუსის ანტისხეულებზე მასობრივი ტესტირება, რათა გამოვლინდნენ ადამიანები, რომლებიც სამუშაოზე გასვლას შეძლებენ,-ინფორმაციას „ბიზნესინსაიდერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ასეთია ქვეყნის კარანტინიდან გამოსვლის სტრატეგია, რომელიც რამდენიმე კვირაში უნდა განხორციელდეს და მილიონობით ადამიანს ე.წ. იმუნიტეტის პასპორტის აღების საშუალებას მისცემს.

 „ბიზნესინსაიდერის“ ცნობით, ამ იდეის განხორციელებას ხელს ის უშლის, რომ მსოფლიოს ვერცერთი წამყვანი ინდუსტრიული ქვეყანა ასეთი ტიპის ზუსტ ტესტებს ვერ აწარმოებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯონ ბელმა, რომლის მოვალეობაში შედის ატისხეულებზე სხვადასხვა ტესტების ეფექტურობის განსაზღვრა, განაცხადა, რომ ტესტები, რომლებზეც ხელისუფლება იმედებს ამყარებდა, უვარგისია. მისი თქმით, საკითხის ფართომასშტაბიან გადაწყვეტას მინიმუმ 1 თვე დასჭირდება. 

„სამწუხაროდ, ტესტებმა, რომლებსაც ჩვენ განვიხილავდით, არ მოგვცა კარგი შედეგები“,-დაწერა პროფესორმა ოქსფორდის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ტესტებმა უარყოფითი პასუხი მოგვცა ბევრ ისეთ პაციენტზე, რომლებსაც ნამდვილად ვიცით, რომ კორონავირუსი აქვთ. ასევე გვაქვს მცდარი დადებითი პასუხებიც“,-ამბობს ჯონ ბელი.

პროფესორი ჯონ ნიუტონი, რომელიც ბრიტანეთში კორონავირუსზე ფართომასშტაბიან ტესტირებაზე პასუხისმგებელი პირია, აცხადებს, რომ სწრაფი ტესტები, რომლებიც ბრიტანეთმა ჩინეთს შეუკვეთა, არ ვარგა.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ჩინეთს 3,5 მილიონი ტესტი გასულ კვირას შეუკვეთა, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრი მეტ ჰენკოკი აცხადებს, რომ „ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს კარგი ტესტები“.

ცნობისთვის, გასულ კვირას ინფექციების ეროვნული სამსახურის დირექტორმა განაცხადა, რომ სწრაფი ტესტების პაკეტების შეძენა  რამდენიმე დღეში Boots ან Amazon-ზე იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტის მეშვეობით ტესტების გამოწერა უახლოეს პერიოდში შეუძლებელი იქნება.

ანტისხეულებზე სწრაფი ტესტი 15 წუთის განმავლობაში უჩვენებს, აქვს თუ არა გადატანილი ადამიანს კორონავირუსი. ექსპერტები, მათ შორის ანტონი ფაუჩი დარწმუნებულები არიან, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანს ამ დაავადებისადმი იმუნიტეტი აქვს და სამსახურში სიარულს შეძლებს. 

„ბიზნესინსაიდერის“ ინფორმაციით, ოფიციალური პირები შეშფოთებულები არიან, რომ ქვეყანაში ამ სიტუაციის გახანგრძლივება ქვეყნის ეკონომიკისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება. 

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: