როგორ მოედო ინტერნეტს შეთქმულების თეორია კორონავირუსისა და 5G-ს კავშირის შესახებ

ნაკლებადცნობილი ბელგიელი ექიმის ინტერვიუმ, რომელშიც საუბარი იყო 5G-სა და კორონავირუსის პანდემიას შორის ერთგვარ კავშირზე, ბოლო დღეებია, გასაოცარი პოპულარობა მოიპოვა.  საქმე იქამდე მივიდა, რომ დიდ ბრიტანეთში ადამიანები  5g-ს ანტენებს ცეცხლს უკიდებენ და წვავენ.

ყველაფერი კი, 22 იანვარს დაიწყო, როდესაც ბელგიურ გაზეთში Het Laatste Nieuws გამოქვეყნდა ანტვერპენთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ქალაქში მცხოვრები ექიმის, კრის ვან კერკხოვენის ინტერვიუ. სტატიას ასეთი სათაური ჰქონდა: „5G საშიშია სიცოცხლისთვის, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცის“. 

ბეჭდური გამოცემის რეგიონულ ვერსიაში გამოქვეყნებულმა ამ ერთმა სტატიამ, რომელსაც რეალურად არანაირი სამეცნიერო დასაბუთება არ ახლდა, და რომელიც შემდგომში ვებგვერდიდან აიღეს, შეთქმულების თეორიის ქარიშხალი გამოიწვია ინტერნეტში, შემდგომ რეალურ ცხოვრებაში გადაინაცვლა, რასაც ანტენების დაწვა და მუქარები მოყვა. ვან კერკხოვენი ინტერვიუში ამტკიცებდა, რომ 5G არათუ საშიშია, არამედ შესაძლოა, კორონავირუსთან იყოს დაკავშირებული. 

იმ პერიოდში კორონავირუსი მხოლოდ უხანის პრობლემა იყო, გარდაცვლილი იყო სულ 9 ადამიანი და ინფიცირებულთა ოფიციალურად გამოცხადებული რაოდენობა კი,  450 -მდე პაციენტი. 

გაზეთის ჟურნალისტი ექიმს კითხვას უსვამს: „2019 წელს უხანის გარშემო 5G-ს ანტენები დააყენეს, ეს ხომ არ არის კავშირში ვირუსის გავრცელებასთან?“.

„მე ფაქტები არ გადამიმოწმებია, თუმცა შესაძლოა, იყოს კავშირში მიმდინარე მოვლენებთან“.

ვან კერხოვენის კომენტარი სწრაფად აიტაცეს 5G-ს საწინააღმდეგო კამპანიის მონაწილეებმა, განსაკუთრებით ჰოლანდიაში და დაიწყეს ფეისბუქზე აღნიშნული სტატიიდან ამოღებული ციტატების გავრცელება. მათი მტკიცებით, აქ ნამდვილად იყო მტკიცებულება რაღაც ძალიან ბნელი ამბის. მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო, შეთქმულების თეორია რამდენიმე დღეში მოედო ათობით ინგლისურენოვანი ქვეყნის ფეისბუქ-სივრცეს.

თუმცა, ვან კერკხენისეული შეთქმულების თეორია ახალი არ არის. ის სათავეს ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან იღებს, როდესაც მაღალი ძაბვის ელექტროგადაცემის ხაზებისა და 1990-იან წლებში მობილური ტელეფონების ანტენების გამო მოსახლეობა შეშფოთებული იყო. სწორედ ეს განწყობები ხდებოდა ნოყიერი ნიადაგი ყველაზე დაუჯერებელი შეთქმულების თეორიების გასავრცელებლად. კორონავირუსის პანდემიაც ასეთი ნიადაგი აღმოჩნდა.

მართალია, გაზეთის რედაქტორმა, დიმიტრი ანონისენმა ბოდიში მოიხადა უსაფუძვლო ვერსიის გავრცელების გამო, მაგრამ შეთქმულების თეორიის გავრცელების შეჩერება უკვე ვეღარ შეძლო. YouTube-ზე უცნობმა ბლოგერებმა და ონლაინ-შოუების წამყვანებმა თემა სწრაფად აიტაცეს და დაიწყეს „5G-ზე სიმართლის“ გავრცელება, რამაც მათ ვიდეოებს მილიონობით ნახვა და კარგი შემოსავალი მოუტანა.

5G-სა და კორონავირუსის კავშირზე თეორიის ერთ-ერთი აქტიური მომხრეა ყოფილი ფეხბურთელი და BBC-ს ყოფილი სპორტული კომენტატორი, ცნობილი ინსპიროლოგი დევიდ აიკი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა 1998 წელს გამოცემული წიგნით, „ყველაზე დიდი საიდუმლო“.

წიგნში ნათქვამია, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები სინამდვილეში, რეპტილიები არიან, რომლებიც ძველი დროიდან აკონტროლებენ კაცობრიობას. მათ შორისაა დედოფალი ელისაბედი, ჯორჯ ბუში, ჰენრი კისინჯერი და ბილ კლინტონი. 

დევიდ აიკის თეორიის მიხედვით, პოლიტიკური ლიდერები, კორპორატიული ხელმძღვანელები, ოსკაროსანი მსახიობები და გრემის მფლობელი მომღერლები რეალურად ხვლიკები არიან, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ – კაცობრიობის დამონება.  

როგორც ბრიტანული პრესა წერს, კორონავირუსის პანდემიის მიმართ ინტერესმა და მასთან დაკავშირებულმა შიშმა მეინსტრიმზე გამოიტანა საკმაოდ მოძველებული და უკიდურესი შეთქმულების თეორიები.  გაურკვეველი YouTube-არხებიდან და FACEBOOK- გვრდებიდან ყოველგვარ საფუძველს მოკლებულმა განცხადებებმა, რომ 5G კორონავირუსს უწყობს ხელს, ახლა უკვე რეალური შედეგები მოატანა. ადამიანებმა 5G-ს რომელიც უბრალოდ, სწრაფ ინტერნეტს წარმოადგენს, სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს და ანტენების დაწვა დაიწყეს. 

Facebook Comments
%d bloggers like this: