მანჩესტერის პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, აღდგომის დღესასწაულზე არ დაარღვიონ კარანტინის წესები

მანჩესტრის პოლიციამ მოსახლეობა გააფრთხილა, არ დაარღვიონ აღდგომის დროს საგანგებო მდგომარეობის წესები,-ამის შესახებ BBC იუწყება. 

გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებმა პანდემიის დროს ქალაქში 660 წვეულება დაშალეს.

მანჩესტერის მთავარმა კონსტებლმა, იან ჰოპკინსმა განაცხადა, რომ ადამიანები ამას სერიოზულად უნდა მიუდგნენ. 

25 მარტიდან 7 აპრილამდე ქალაქში კორონავირუსის გამო შემოღებული წესების 1132 დარღვევა დაფიქსირდა. მათ შორის 494 – სახლებში გამართული წვეულება, ზოგ შემთხვევაში დიჯეებით, ფეერვერკებით და გასაბერი სასრიალოებით, 166 კი- ქუჩაში გამართული.  

სამართალდამცველებმა დაშალეს 122 სხვადასხვა ჯგუფი, რომლებიც სავარჯიშოდ იკრიბებოდნენ, 173 პარკებში გამართული ღონისძიება და დააკავეს 122 საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი. 

ქალაქის მერმა, ენდი ბერნჰემმა განაცხადა, რომ ასეთი ქცევა აბსოლუტურად მიუღებელია. 

„ისინი ყველას საფრთხეში აგდებენ“,-განაცხადა მან.

მისივე თქმით, ქალაქის დიდი უმრავლესობა წესებს ემორჩილება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ იცავენ წესებს. 

„თუ გარეთ გადიხართ და საფრთხეში აგდებთ ჩვენი საზოგადოების შედარებით მოწყვლად ნაწილს, საკუთარ თავს კარგად უნდა შეხედოთ“,-განაცხადა მან.

რეგიონის მერის მოადგილემ, ბევერლი ჰიუზმა თქვა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ინციდენტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

მისივე თქმით, გასულ შაბათ-კვირას სამართალდამცველებთან 550 გამოძახება შევიდა.

„ჩვენ გვესმის ადამიანების, ვისაც მეგობრებთან და ოჯახთან ერთად უნდა დროის გატარება აღდგომის დღესასწაულზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, დავემორჩილოთ ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ერთადერთი ყველაზე მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ კორონავირუსთან საბრძოლველად, – სახლში დარჩენაა სიცოცხლის გადასარჩენად“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments
%d bloggers like this: